თავში

მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება

მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება
მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ  პურის ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ. მისი განმარტებით, წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს.

"ჩვენს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება", – ამბობს ხანიშვილი და დასძენს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით, 20-25%-ით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.

ხანიშვილი ამტკიცებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების და ტენდენციების შესახებ და, თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მთავრობა იმოქმედებს ოპერატიულად. 

მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით.

"ქვეყანაში სტაბილური მარაგები ხორბლის ბაზარზე ფასების მოკლევადიან მერყეობას დააბალანსებს და, შესაბამისად, გვექნება სტაბილური ფასი ფქვილზე და პურზე," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია დანაშაულად მიიჩნევს საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულების ზრდას, რითაც საბოლოოდ, მათი მტკიცებით, პური გაძვირდება.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის შეჩერებამ და ლარის უკიდურესად დასუსტებამ პრობლემები შეუქმნა ქართველ მეწარმეებს, რამაც გაზარდა რუსული ხორბლის მოთხოვნა ჩვენ ბაზარზე. ჭიაბერაშვილი ამტკიცებს, საქართველოს უწევს რუსეთის მიერ დაწესებული ფასებით იხელმძღვანელოს. 

„ჩვენ მოქალაქეებს პურზე მოუწევთ უფრო და უფრო მეტი ფასის გადახდა. ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.

ცნობისთვის, რუსეთი ხორბლის იმპორტში გასული წლების განმავლობაშიც წამყვან პოზიციაზე იყო.

რუსული იმპორტი საქართველოში ყველაზე მეტად შემცირდა გასულ წელს, როცა,  2019 წლის 7 თვის მდგომარეობით, რუსეთზე ხორბლის იმპორტის 74.9% მოდიოდა, მის შემდეგ კი მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებდა. 2019 წლის ჯამური მაჩვენებლებით კი რუსული ხორბალი საქართველოს იმპორტის 87.3%-ს შეადგენდა.

2019 წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტის უმსხილესი მოცულობა განხორცეილდა შემდეგი ქვეყნებიდან:

1. რუსეთი - $90.6 მლნ დოლარი, 430,236 ტონა (2018 წ. – 95.8 მლნ დოლარი, 483,505 ტონა);
2. ყაზახეთი - $13.2 მლნ დოლარი, 56,248 ტონა (2018 წ. – 18.2 მლნ დოლარი, 88,865 ტონა);
3. აშშ - $1.1 მლნ დოლარი, 6,000 ტონა;
4. ირანი - $45.5 ათასი დოლარი, 230 ტონა;
5. თურქეთი - $24.1 ათასი დოლარი, 46 ტონა (2018 წ. – 672.5 ათასი დოლარი, 3 117 ტონა);

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 წლის შვიდ თვეში ხორბლის იმპორტი ფულად გამოსახულებაში $49.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.

ცნობისთვის, შარშან საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ყაზახეთის მთავრობა საქართველოში ხორბლის ექსპორტის წახალისებას სუბსიდირების გზით აპირებდა.

„ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ,”- აცხადებდა შარშან ნათია თურნავა,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში რუსული ხორბლის ფასი იზრდება. წინა კვირასთან შედარებით, ზრდამ 9-10 დოლარი, გასულ წელთან შედარებით კი, 22-23 დოლარი შეადგინა. 

ამ დროისთვის ერთი ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი 2012-2013 დოლარს უტოლდება, თუმცა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ტონაზე 12-15 დოლარით გაიზარდოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system