თავში

მოუხნავად თესვის უპირატესობა

მოუხნავად თესვის უპირატესობა
მოუხნავად თესვის უპირატესობა

აგრარული დარგის სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველო თანდათან გადადის მოუხნავად თესვის ტექნოლოგიაზე, რაც ნიადაგს იცავს ეროზიისგან და მოსავლის თვითღირებულებას ამცირებს.

ამ მეთოდის გამოყენება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან იგი სათბური გაზის გამოყოფას ამცირებს. 

როგორც report.ge-ს აგროექსპერტთა ასოციაციის წევრმა, აგრონომმა, ნინო ჭიორელმა, განუმარტა, მოუხნავად თესვის ტექნოლოგია გულისხმობს ნიადაგის მინიმალურად დამუშავებას. ყველაზე აქტიურად ამ მეთოდს მეხორბლეობაში მიმართავენ.

,,ნიადაგის მოუხანავად თესვის ანუ მინიმალურად დამუშავების ტექნოლოგია ნიადაგდამცავ ღონისძიებად განიხილება. მატერიალურ დანახარჯებთან ერთად, ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს. იცავს ნიადაგს ეროზიისგან და ასევე ამცირებს სათბური გაზების გაფრქვევას გარემოში. მეხორბლეობაში ეს მეთოდი ბოლო დროს ინტენსიურად გამოიყენება. უზრუნველყოფს დროისა და საწვავის ეკონომიას; მცირდება წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიული პროცესების ინტენსიობა; მცირდება საწვავის ხარჯი, რაც მიიღწევა ტექნოლოგიური ოპერაციების რაოდენობის და საწვავის ხარჯის შემცირებით ხვნის ოპერაციასთან შედარებით", - ამბობს ჭიორელი და დასძენს, რომ საგვიანო წინამორბედების მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს შემჭიდროვებულ ვადებში იმ ვარაუდით, რომ ხორბლისათვის ნიადაგი მომზადდეს თესვამდე 10-15 დღით ადრე.

მისივე თქმით, მინიმალური (Mini-Till) დამუშავების ტექნოლოგიით რამოდენიმე ტექნოლოგიური პროცესი ერთ სამუშაო ოპერაციაში ერთიანდება. ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ნიადაგის დამულჩვით დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ნაწვერალის და სხვა მცენარეული ნარჩენების გამოყენებას ტენის შენახვის და დაგროვებისათვის, ხოლო კოკისპირული წვიმის დროს ნიადაგის დაცვას ჩამორეცხვისა და ზედმეტად დატენიანებისგან.

როგორც ნინო ჭიორელმა აგვიხსნა, ნულოვანი (No-Till) ტექნოლოგიის გამოყენებისას ნიადაგის სტრუქტურის დარღვევა მისი დამუშავების დროს ფაქტობრივად არ ხდება. მეთოდი ითვალისწინებს მარცვლეული კულტურების თესვას მოუხნავად. სარეველებთან ბრძოლა ხდება ქიმიური საშუალებებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system