თავში

მოვაჭრეების რა კატეგორია ვერ გააგრძელებს მუშაობას

მოვაჭრეების რა კატეგორია ვერ გააგრძელებს მუშაობას
მოვაჭრეების რა კატეგორია ვერ გააგრძელებს მუშაობას

აგრარული ბაზრების მოვაჭრეებისთვის დაწესებული პირობების შესრულებას, სავარაუდოდ, ბევრი მოვაჭრე ვერ შეძლებს. პირველ რიგში, საქმიანობას 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეები ჩამოშორდებიან, რაზეც განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა. თუმცა ვაჭრობას ისეთი სუბიექტებიც ვერ შეძლებენ, რომლებიც კონკრეტული დაავადების მქონეებია. როგორც ლეიბორისტი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, ვაჭრობის ახალი პირობების შესრულება მოითხოვს გარკვეული ხარჯის გაწევას, რაც უნდა მოვაჭრეებმა უზრუნველყონ. შესაბამისად, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, სახლში დარჩენა მოუწევს.

ჩხარტიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამით მოსახლეობის უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად დაცული იქნება. თუმცა, მისივე რეკომენდაციაა, რომ  გარკვეული კომპენსაცია გაეწიოს უმუშავრად დარჩენილ მოვაჭრეებს, რათა ფიზიკურად გადარჩნენ.

,,მთავრობა ეპიდემიისგან დასაცავად ადეკვატურ ზომებს იღებს, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ბევრად ადრე დაეწყოთ და ხალხი წინასწარ გაეფრთხილებინათ. ერთის მხრივ აუცილებელია აგრარული ბაზრების შენარჩუნება, მაგრამ ამავდროულად ეპიდემიის წინააღმდეგ ქმედებები არის განსახორციელებელი. თუმცა, მთავარია, რომ შესრულდეს წესები, რაც ეპიდემიის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული პირობების დაცვის საჭიროებას ვერ ვხედავ, თუკი დისტანციასთან დაკავშირებული ვალდებულება და ჰიგიენის წესების დაცვა მოხერხდება. ბაზრობის ადმინისტრაციას უნდა დაევალოს ამ საკითხების მოგვარება. არათუ ბაზრებში, წყლის მიწოდების პირობას დღეს ზოგიერთი მარკეტიც ვერ უზრუნველყოფს. წესები ყველასთვის უნდა იყოს საერთო და არა მხოლოდ მოვაჭრეებისთვის. არ უნდა დაიჩაგროს ათიათასობით ადამიანი, რომელიც ვაჭრობით ლუკმა-პურს შოულობს, ეს არის მნიშვნელოვანი. მომეჩვენა, რომ მოვაჭრეებთან მიმართებში მთავრობა ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა. ცხადია, ბევრი უმუშევარი დარჩება და ამ კატეგორიისთვის კომპენსაცია უნდა გაიცეს, რომ ადამიანებმა კარანტინის პირობებში არსებობა შეძლონ", - აცხადებს ჩხარტიშვილი.

გაერთიანებულ პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს მიაჩნია, რომ მოვაჭრეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები მოსახლეობის ეპიდემიისგან დაცვის თვალსაზრისით სწორია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოვაჭრეების შრომის უფლებებიც მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.

,,მთავრობა ჯერჯერობით სწორი გზით მიდის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შრომის უფლება, რაც შეიძლება შეიზღუდოს გასაგები მიზეზის გამო. ვინც დაწესებული პირობების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს (ასეთი ბევრი იქნება), კომპენსაცია უნდა გაეწიოს. შეზღუდვა კარგია, რადგან ის განაპირობებს დაავადების კლებას და ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უამრავი ადამიანის მდგომარეობას გააუარესებს. ლუკმა-პურის გარეშე დარჩენა კატასტროფა იქნება ადამიანებისთვის, ალბათ, მთავრობა ამასაც ითვალისწინებს.  კარანტინი შიმშილობის ტოლფასი გახდება მოსახლეობისთვის, თუ სოციალური დაცვის გარანტიები არ ექნებათ მთავრობის მხრიდან", - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system