თავში

მშენებლობის დასრულების გარანტორი მთავრობა ხდება

მშენებლობის დასრულების გარანტორი მთავრობა ხდება
მშენებლობის დასრულების გარანტორი მთავრობა ხდება

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათ შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მშენებლობის დასრულების გარანტიას გულისხმობს და ეს პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ბინები გამოყენებული იქნება დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში.

„ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ როდესაც დეველოპერული სამშენებლო სექტორში კრიზისები ხდება ამ დროს პრობლემაა მიმდინარე მშენებლობის დასრულება და იზრდება დასრულების რისკები. ამ რისკების ზრდა ნიშნავს, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადმიანები სამშენებლო კომპანიამ სამსახურიდან უნდა გაუშვას. ასევე ნიშნავს იმას, რომ ვისაც შეძენილი აქვს უძრავი ქონება და მშენებლობის პროცესშია, ისინი დაკარგავენ იმ ფინანსურ რესურსს და თანხებს, რომელიც უკვე ამ ბინის შეძენისთვის გადაიხადეს. ჩვენ დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები და სახელმწიფო დღემდე მათზე ზრუნვას აგრძელებს. სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი რისკები მიმდინარე კრიზისის დროს მაქსიმალურად დავაზღვიოთ, შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან. ეს, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამაა, რომელიც მშენებელს ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30%-ს თქვენ ვერ გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ბინები გამოყენებული იქნება დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში. ეს არის ის გარანტია, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ მათ შეუფეხებლად განახორციელონ მუშაობა და მეორე მხრივ, სექტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს საპროექტო პროცესში სამშენებლო ფართების 30%-ის რეალიზაციას სახელმწიფოზე და შესაბამისად მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ სექტორმა შეუფერხებლად გაააგრძელოს მუშაობა“,-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს.ამგვარად სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სეხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანკლებ 10 პროცენტისა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს. 2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან.

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის მიზნით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს, რის შედეგადაც ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.

დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ინდუსტრია დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს. კრიზისამდე კი ქვეყნის დოვლათის ანუ ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს ქმნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system