თავში

მშპ-თან დაკავშირებით ეკონომისტების პროგნოზი არაერთგვაროვანია

მშპ-თან დაკავშირებით ეკონომისტების პროგნოზი არაერთგვაროვანია
მშპ-თან დაკავშირებით ეკონომისტების პროგნოზი არაერთგვაროვანია

ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 1-2%-ს ვერ გადააჭარბებს. ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკის აზრით, უმუშევრობა, ინფლაცია, ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლები და სხვა, ყველა ეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია, რის გამოც, ეჭვგარეშეა, გაჭირდება 2021 წელს დაგეგმილი 4.3% იანი ზრდა.

,,სტატისტიკამ შეგვახსენა, რომ მიუხედავად შესადარისობაში პირობითობისა 2020 და 2021 იანვრის პარამეტრებში, მიმდინარე ჩავარდნა მაინც თვალშისაცემია და რეკორდული, იმაზე 2 ჯერ მეტი, რაც 2020 წლისთვის დაფიქსირდა. გაჩერებულ და დახურულ წარმოებებს დაემატა, რომ 23%-ით შემცირდა იანვარში ახლად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც  ანუ ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია, ხოლო ეკონომიკა პალიატიურ მოვლაზე. გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა- საბოლოოდ მეტიც შეიძლება ყოფილიყო დაკეტილი ეკონომიკის პირობებში. საქსტატის მიხედვით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში- ესეც კოვიდეკონომიკის თანმდევ ეფექტად მიიჩნევა. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე უარყოფითად აისახა ჩაკეტილი ეკონომიკების გარემოში 16.2%-ით შემცირებული ექსპორტიც", - აცხადებს თემურ ხომერიკი.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, სოციალური სექტორი დაანონსებული განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სისტემური რეფორმების ფონზე, ინერციით ,,ადგილზე იარ" რეჟიმშია... და ამ პირობებში იზრდება უმუშევრები და სოციალურად დაუცველები, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამების იმედადაა, ლარის კურსი მეტ/ ნაკლებად დაიჭირეს ხელოვნური ინექციებით, მაგრამ დესტაბილიზაციის ფაქტორად რჩება სუბსიდირებით დაბალანსებული ინფლაციის ფონზე და სხვა მრავალი, რაც ზრდის გარემოს ტურბულენტობას და ამცირებს ბიზნესის ბაზრით თვითრეგულირების საფუძვლებს: საბოლოოდ ყველაფერი ბიუჯეტის შემოსავალ- გასავლების დისბალანსის წინაპირობად იქცევა და ეჭვგარეშეა გაჭირდება 2021 წელს დაგეგმილი 4.3% იანი ზრდა. 

,,პანდემიური მდგომარეობისა და ვაქცინაციის დაგვიანების მიუხედავად, მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდა მაინცაა პროგნოზირებული, თუმცა ზოგიერთი გათვლებით 1-2% არ აცდება, ზოგან უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება- 3-4%. ამასთან, რადგან თუნდაც ტურიზმის გამოღვიძება გლობალურად სხვა ქვეყნებში განვითარებულ პროცესებზედაცაა დამოკიდებული, მხოლოდ შიდა აქტივობები ვერ იქნება მომავალი პროგრესის წინაპირობა", - აღნიშნავს ხომერიკი და დასძენს, რომ ცხადია, პირველ კვარტალში ტრენდი ისევ უარყოფითი იქნება და თუ მეორე კვარტალში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ აიჭრა (ე.წ. მესამე ტალღა) და პოლიტსტაბილურობა შენარჩუნდა, ეკონომიკის გახსნის კვალობაზე წინა წლის ,,ლოკდაუნის ეკონომიკასთან" შედარებით, მართლაც შეიძლება ცალკეულმა სექტორებმა პოზიტიური შედეგები აჩვენოს, მაგრამ მთლიანობაში 2021 წელიც ვერ იქნება სახარბიელო.

ცნობისთვის, წელს მშპ-ს 4%-იან ზრდას ელიან. ,,მიუხედავად იმისა რომ, იანვარში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ვარდნა დაფიქსირდა, აღნიშნული მაჩვენებელი მოლოდინებთან შესაბამისობაშია, რადგან კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, მეორე ლოქდაუნის შემოღების შედეგებსა და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების კვლავ მკვეთრად შემცირებულ შემოსავლებს," - ასე შეფასდა საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა მიმდინარე წლის იანვარში "თიბისი კაპიტალის" მიერ.

წინასწარი შეფასებით, იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის, მშპ-ის, ვარდნამ წ/წ 11.5% შეადგინა. კლება ძირითადად შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, გართობისა და დასვენების სექტორში, დამამუშავებელ მრეწველობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებსა და საბითუმო & საცალო ვაჭრობაში. დადებითი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა ინფორმაცია & კომუნიკაციებისა და საფინანსო & სადაზღვევო საქმიანობებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system