თავში

მსოფლიო ბანკი საქართველოს პროფესიულ განათლებაში 102, 7 მილიონ დოლარს დახარჯავს

მსოფლიო ბანკი საქართველოს პროფესიულ განათლებაში 102, 7
მსოფლიო ბანკი საქართველოს პროფესიულ განათლებაში 102, 7 მილიონ დოლარს დახარჯავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მიმდინარე ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“და განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი რამდენიმე წელია სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომლის მხარდაჭერით საქართველოს განათლების სისტემაში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს 102, 7 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ არ შეჩერებულა. პირიქით, პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა სისტემის საჭიროებები, მათ შორის, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა. მართალია, ამ მიმართულებით სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, თუმცა დისტანციური სწავლების დანერგვამ ეს პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა.

მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასების მოდელზე –განმავითარებელ შეფასებაზე, რომელიც პანდემიის შემდგომაც სისტემის განუყოფელ ნაწილად დარჩება. ხოლო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით,შეიქმნა კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობასაც.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესიულ განათლებაზე საუბრისას აღნიშნა, რომმისი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მხარდაჭერა. შესაბამისად, სამინისტრო ამ მიმართულებით არაერთ დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეფექტიანი შედეგების მისაღწევად სამინისტრო უზრუნველყოფს დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას.

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით,ხოლო რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც ითვალისწინებს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.

თავის მხრივ, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“განვითარების სწორი გზით მიდის და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის განათლების წამყვანი სპეციალისტი ნინო ქუთათელაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system