თავში

მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს

მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022 შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს
მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს

საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ ჩატარდეს.

5-8 ოქტომბერს საფრანგეთში, შამპანის აკვანში - ქალაქ რეიმსში - გაიმართა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50-ე გენერალური ასამბლეა.

სიმბოლურია, რომ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია 50 წლის წინ სწორედ ამ ქალაქში დაფუძნდა. საიუბილეო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა, წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“- საქართველოში ჩატარდეს. ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყანად უკვე ოფიციალურად დაასახელა. ამ პატივის მოსაპოვებლად საქართველოს მეტოქეები არიან: საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ლატვია. საბოლოო ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება.

ინფორმაციისთვის: მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე 2019 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარდა, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა, მარკ ალმერტმა, გაიმარჯვა, ხოლო სამეულში დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები მოხვდნენ. საქართველოს სახელით ამ მსოფლიო დონის კონკურსში იასპარეზა თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულმა, „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“- ის გამარჯვებულმა, რესტორან „ქალაქი“ - ს სომელიემ, თამაზ თამაზაშვილმა. საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია (ASI - „Association de la Sommellerie Internationale”) 1969 წელს საფრანგეთში დაარსდა, კერძოდ, ქ.რეიმსში და აერთიანებს მსოფლიოს 60 ქვეყნის სომელიეთა ასოციაციას.

მათი მთავარი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის მოხმარების კულტურის განვითარება, საგანმანათლებლო კურსების და ტრენინგების გამართვა მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის, ასევე - სომელიეთა საერთაშორისო და კონტინენტალური კონკურსების ორგანიზება. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს დაარსდა, მისი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის კულტურისა და განათლების განვითარება ქვეყანაში და ქართული ღვინის, როგორც კულტურის, პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და უცხოეთში.

სომელიეთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ღვინის მწარმოებლებთან. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2014 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system