თავში

მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს

მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს
მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს

მთავრობა ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოაცხადებს, მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია გადაიხედება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “ფორბს კვირას” განუცხადა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

“ვფიქრობთ, მომავალ წელს, მეორე ნახევარში ალბათ უკეთესი კონიუნქტურა იქნება. მანამდე დრო დაგვჭირდება, რომ 2014 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა მოხდეს და ისევ გავიაზროთ ამ პროექტის ეკონომიკა, რომ უფრო ადეკვატური გავხადოთ. შემდეგ შევუდგებით ინვესტორების ძებნას და დიდი იმედი გვაქვს, ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან. რატომ? ლოგიკაა ამაში. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაცია, ყოფილი OPIC, აფინანსებს PACE-ის ტერმინალს ფოთში. ამერიკის მთავრობა USAID-ის მეშვეობით გვეხმარება ყველა ქართულ პორტში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაში, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს გემების მომსახურება. შესაბამისად, აშშ-ის აქტივობა არის საკმაოდ მაღალი საპორტო ინფრასტრუქტურაში. ალბათ ლოგიკური იქნება, კვლავ ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ ამ პროექტითაც”,- აცხადებს თურნავა და დასძენს, რომ პროექტის ჩავარდნით ქვეყნის ეკონ ომიკამ იზარალა.

"ეს პროექტი რომ შემდგარიყო, უკვე 3 წლის წინ უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი და გავასწრებდით ბევრ კონკურენტს შავ ზღვაზე”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

გუშინ ანაკლიის კონსორციუმმა მეორედ გამოთქვა მზაობა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მშენებლობა. 

შეგახსენებთ, კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ანაკლიის პორტის პროექტში უფლებების დარღვევისთვის ერთ მლრდ აშშ დოლარს მოითხოვენ.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც ევროპული ინვესტიციით. მათი თქმით, პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს და რომ კონსორციუმის დავა საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულია.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კონსორციუმის დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. დავა წინასწარ განწირულია პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის აზრითაც , თუმცა მისი თქმით, ერთადერთი ზარალი, რაც ამ დავით შეიძლება სახელმწიფომ ნახოს, არის ის, რომ საარბიტრაჟო პროცესი ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებას დააყოვნებს.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ საარბიტრაჟი დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს გაუფუჭებს. მათი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველო მიიღებს უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განმარტებით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system