თავში

მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს

მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს
მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ტექნოპარკში გამართულ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო აქცენტს "ეკონომიკის ამოქოქვაზე" გააკეთებს. 

მხარდაჭერას სახელმწიფო ეპიდემიის შემდგომ პერიოდში განახორციელებს და ეს სულ მალე მოხდება.

„პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი პოსტკრიზისული გეგმის, იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება; ახლა განსაკუთრებით ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია შენ საკუთარი რესურსი გქონდეს განვითარებული და საკუთარი საქონლით მაქსიმალურად უზრუნველყო საკუთარი ბაზარი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ ინდუსტრიებში, როგორიც არის თევზჭერა და ქართული თევზის წარმოება; ბოსტნეულის წარმოება; რძე და რძის პროდუქტების წარმოება; ხორცი, ხორცის კონსერვები; მარცვლეული; ქართული ზეთი და ბევრი სხვა მიმართულება; იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების ასეთივე პოტენციალი ჩვენ გვაქვს სამშენებლო მასალების წარმოებაში, იქნება ეს ქართული კერამიკა, ქართული არმატურა თუ მოსაპირკეთებელი მასალები. შემდგომი ჩვენი პრეზენტაციის და გეგმის ნაწილი იქნება სწორედ ის, როგორ უდგას ჩვენი მთავრობა - პოლიტიკური გუნდი ქართულ წარმოებას გვერდში. ქართული წარმოება იქნება სამომავლოდ მთავარი პრიორიტეტი და ამის პირველ მაგალითებს თქვენ უკვე ხედავთ. მაგალითად, იგივე "აგარის შაქრის კომბინატი", რომელიც გაიხსნა გასული საუკუნის 30-იან წლებში და ახლა კვლავ გაიხსნა და 500 ოჯახს დაასაქმებს და ადგილობრივ ბაზარს ადგილობრივი შაქრით სულ მცირე 45%-ით მოვამარაგებთ," - აღნიშნა მინისტრმა და იქვე პოსტკრიზისული გეგმის მეორე მიმართულებაც განმარტა.

მინისტრის თქმით, პოსტკრიზისული გეგმის მეორე მიმართულება იქნება საქართველოს ახალი როლის გაძლიერება წარმოების გლობალური ბიზნესის გადანაწილებაში. 

"ამ პანდემიის პერიოდში სულ მცირე 40% მულტინაციონალური კომპანიების, დარწმუნდა, რომ საკმაოდ სარისკოა იქონიო ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ჰაბში თავმოყრილი შენი წარმოება; აქედან გამომდინარე, ახლა წავა ტენდენცია ამ ჰაბებიდან, ჩინეთიდან და სხვა ჰაბებიდან ბიზნესების რეალოკაციის ალტერნატიულ პლატფორმებზე და ჩვენ საქართველო, იმიტომ რომ ყველაზე მალე დავძლევთ კორონავირუსს, იმიტომ რომ კრიზისამდეც ვიყავით ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმიტომ რომ გვაქვს გამართული დახმარების პროგრამები, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ნომერ პირველი არჩევანი ასეთი კომპანიებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და კონკრეტულ პროგრამებს შევთავაზებთ ისეთ დარგებს, როგორიც არის ელექტრონაწარმი - ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო; ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო კვლევები; საფეიქრო და სამკერვალო წარმოება; ლოგისტიკა; პროფესიული ბიზნესის სერვისები და სხვა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესის საქართველოში გადმოტანას აპირებენ.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა.

დღესვე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა.

მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე ფიქრობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system