თავში

მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკას ცვლის

მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკას ცვლის
მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკას ცვლის

"ვმუშაობთ მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან, პოსტკრიზისული პერიოდში 2021, 2022, 2023 წლებში როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველო უნდა შეეცადოს იმ პროცესებს არ ჩამორჩეს, რომლებიც პოსტკრიზისულ პერიოდში დაიწყება. მინისტრის თქმით, მ,თავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გლობალური წინსვლის ავაგანრდში იყოს.

„პირველ რიგში, რასაკვირველია, უნდა მივიღოთ ბიუჯეტი და ის პარამეტრები, რაც ჩავდეთ, ეს დავიცვათ, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან. ის ვალდებულება რაც ავიღეთ ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ბიზნესის წინაშე, ეს შევასრულოთ, ეს არის პირველი და აუცილებელი, რომ შესრულდეს. ამავდროულად, უნდა ვმართოთ პანდემია და ეპიდსიტუაცია, ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. ამასთან ერთად, რასაკვირველია, ვფიქრობთ და პრემიერმაც განაცხადა, რომ ვმუშაობთ მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან, რომ პოსტკრიზისული პერიოდი 2021, 2022, 2023 წლებში როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ, რა დასკვნები გამოვიტანოთ პანდემიიდან არა მარტო ჩვენ, მსოფლიოში რა დასკვნები გამოაქვთ და შევეცადოთ, რომ დინამიკას, პროცესებს, რომლებიც პოსტკრიზისულ პერიოდში დაიწყება არ ჩამოვრჩეთ და პირიქით, ამის ავანგარდში ვიყოთ. ამაში ძალიან წაგვადგება ის, თუ როგორ ვმართეთ ეს პერიოდი, როგორ ვმართეთ კრიზისი და ეპიდემია, როგორ ვმართეთ კრიზისული ბიუჯეტი, რამდენად ადეკვატურები და რელევანტურები ვიყავით, როდესაც დახმარებას ვითხოვდით უცხოეთიდან და სად ვხარჯავდით ამას. ეს ძალიან წაგვადგება იმაშიც, რომ 2021-ში და 2022-ში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ, ძლიერი რეპუტაციით დავხვდებით ამ პერიოდს, ეს არის გადამწყვეტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რომელი და რამდენი საწარმოს გადმოტანაა შესაძლებელი სხვა ქვეყნებიდან საქართველოში, მაჭავარიანს ჯერ პასუხი არ აქვს. ერთადერთი, რისი თქმაც ამ ეტაპზე მინისტრმა შეძლო, ისაა, რომ მთავრობა ძალისხმევას არ დაზოგავს, რომ ბიზნესის მხრივ დადებითი მოლოდინი და განწყობა შექმნას.

„ამაზე ვერ გიპასუხებთ, ეს არ არის იოლი. რასაკვირველია, სასურველია და ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას, რომ რამე შანსი თუ არსებობს რამე ტიპის წარმოების წამოღების ამ ქვეყანაში, სიამოვნებით და ამაზე მუშაობით არ დავიღლებით, თუმცა, აქ მოლოდინი ადეკვატური უნდა გვქონდეს და იოლი არ იქნება. სხვა ტიპის შეზღუდვები ახლავს ამ ამბავს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან ამ ეტაპზე არც იმ ექსპერტების ვინაობა გაამხილა, რომლებთანაც მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობს.

„ეს ამ ეტაპზე საკმარისია. მათთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და რასაკვირველია, არა მარტო საჯარო გახდება მათი გვარები და სახელები, მჯერა, რომ ვიხილავთ საჯარო სივრცეში. მაგრამ ახლა არის სამუშაო რეჟიმი, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system