თავში

მთავრობა იურისტებს 1.2 მილიონს სთავაზობს

მთავრობა იურისტებს 1.2 მილიონს სთავაზობს
მთავრობა იურისტებს 1.2 მილიონს სთავაზობს

ეკონომიკის სამინისტრო ფოთის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისთვის იურისტებს 1.2 მილიონ ლარს გადაუხდის. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულ სისტემაში იურიდიული მომსახურეობის შეძენისთვის წინადადება უკვე დაარეგისტრირა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ რამდენიმე იურიდიულ კომპანიას გაეგზავნა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაცია საკუთარი წინადადების და შემოთავაზებების წარმოდგენის მიზნით. ეს კომპანიებია:

1. BDO Legal-ისა და Norton Rose Fulbright-ის გაერთიანებული შემოთავაზება;
2. KPMG;
3. BGI Legal;
4. Deloitte;
5. Ernst & Young;
6. Hogan Lovells.

"პროექტი მისი მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო მხარდაჭერას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მომსახურების მიღება მოხდეს ყოველგვარი შეფერხებების და კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რათა არ შეფერხდეს ინვესტორთან მოლაპარაკებების წარმოება, სათანადო გადაწყვეტილებების მიღების საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურება და საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის შემუშავება,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ დარეგისტრირებულ განაცხადში. 

ეკონომიკის სამინისტრო ხაზგასმით განმარტავს, რომ ქვეყანას ახალი პორტი აუცილებლად ესაჭიროება, რადგანაც 2019 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, არსებული პორტების ტვირთბრუნვის პოტენციალი 2021 წელს საკმარისი აღარ იქნება, რამაც შესაძლოა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეფერხებაც გამოიწვიოს.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში მომსახურების შესყიდვა დაგეგმილია 2020 წლის განმავლობაში. 

რაც შეეხება, პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშებას, ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით,  წარმოდგენილი პროექტი მიმდინარე ეტაპზე არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას ან სახელმწიფოს მიერ დამატებითი ფინანსური ან სხვაგვარი ვალდებულებების აღებას, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება სამინისტროსათვის გამოყოფილი 2020 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

შეგახსენებთ, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 2020 წლის 11 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობის პროექტით.

ფოთის პორტის ოპერატორის, APM Terminals-ი ფოთის პორტის მოდერნიზებას და მისი შესაძლებლობის ზრდას  $200-მილიონზე მეტი ინვესტიციით გეგმავს. კომპანია ფოთში ახალი ნავმისადგომის აშენებას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system