თავში

მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის საკომპენსაციო პაკეტს ამზადებს

მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის საკომპენსაციო პაკეტს ამზადებს
მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის საკომპენსაციო პაკეტს ამზადებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს.

თურნავა განმარტავს, რომ მთავრობის სურვილია, ეპიდემიოლოგოური ვითარების გართულებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს.

“გვინდა ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. პარალელურად ვეძებთ გზებს, ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და მეორეს მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელთა პრობლემებსაც ვხედავთ, ვხვდებით მათ ყოველდღიურად და წერტილოვანი შეზღუდვა მოგვიწევს“, - განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

ცნობისთვის, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს მთავრობამ, ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალ პაკეტზე მუშაობა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზაზე, რომლითაც გახარიას მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებს მოქალაქეებს მთავრობა გადაუხდის 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება შეეხება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ამდენივეს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც აუნაზღაურდება; გაზის საფასურის ანაზღაურება შეეხება 650 ათას ოჯახს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system