თავში

მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე ფიქრობს

მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე ფიქრობს
მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე ფიქრობს

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებასა და ვითარებაზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ ავიამიმოსვლა ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესია და მისი სრულმასშტაბიან აღდგენისთვის მხოლოდ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა არ არის საკმარისი.

თურნავას თქმით, საქართველოს ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა ჰქონდა და 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით, ხორციელდებოდა პირდაპირი ფრენები, რაც, მინისტრის შეფასებით,  ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საუკეთესო მაჩვენებელია.

თურნავას თქმით, ლიბერალური ცის პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

„ძალიან ვამაყობთ ამით. 2019 წელს რამდენჯერმე გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა – „ვიზეარი“, ასევე შემოვიყვანეთ „რაიანეარი“. სხვა კომპანიებმაც გაზარდეს პირდაპირი ფრენები და სამწუხაროა, რომ დღეს პანდემიის პირობებში, ეს დროებით შეფერხდა, მაგრამ არის დადებითი პროგნოზები, ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებასთან. მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და დასძენს, რომ ამ პერიოდამდე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად არარეგულარული ჩარტერული ავიარეისების ორგანიზება განხორციელდა, რომლის შედეგად საქართველოს 8000-მდე მოქალაქე ორ ურთულეს თვეში დაუბრუნდა სამშობლოში ისე, რომ პრობლემა არ შექმნია საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას ეპიდემიის გაღვივების თვალსაზრისით.

დღესვე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესის საქართველოში გადმოტანას აპირებენ.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system