თავში

მთავრობა რკინიგზით სამგზავრო გადაყვანებში სუბსიდირებას გამორიცხავს

მთავრობა რკინიგზით სამგზავრო გადაყვანებში სუბსიდირებას გამორიცხავს
მთავრობა რკინიგზით სამგზავრო გადაყვანებში სუბსიდირებას გამორიცხავს

საქართველოს მთავრობა რკინიგზით სამგზავრო გადაყვანების ცენტრალური ბიუჯეტიდან სუბსიდირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მზარდი ტურისტული ნაკადების პირობებში სამგზავრო გადაყვანების წარმოება სუბსიდიის გარეშეც შესაძლებელია.

„ჩვენ ვმუშაობთ რკინიგზასთან ერთად ევროკავშირის რეკომენდაციის ფარგლებში, თუ როგორ გავხადოთ კონკრეტულად სამგზავრო გადაყვანები უფრო მიმზიდველი. ბევრ ქვეყანაში არის ხოლმე ეს პრობლემა, სამგზავრო გადაყვანები არის სუბსიდიის საგანი. ჩვენ ამ სუბსიდირებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, რადგან ვთვლით, რომ მზარდი ტურისტული ნაკადების პირობებში და კარგი ეფექტური მენეჯმენტის პირობებში, ეს შესაძლებელია. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს რკინიგზამ წელს მიაღწია ძალიან კარგ შედეგებს. სატვირთო გადაზიდვებში გაზრდილია მომგებიანობა, გაზრდილია ფინანსური შემოსავლები, ნაკადები, მიმზიდველობა. ერთი მხრივ, კარგია ეს იმიტომ, რომ ზოგადად რეგიონში და დერეფანში გაიზარდა ტვირთები. მაგალითად, კონტეინერების გადაზიდვა გაიზარდა რეკორდულად, მაგრამ არ უნდა დავუკარგოთ რკინიგზის მენეჯმენტს ეს დამსახურება. მათ მოახერხეს და მაქსიმალურად გაზარდეს შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან. რაც შეეხება სამგზავროს, ეს ჯერ კიდევ გამოწვევაა და ერთად ვიმუშავებთ ამაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე სამგზავრო გადაყვანებს „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული თანხებით აფინანსებს და ეს წლიურად დაახლოებით, 50 მლნ ლარია.

„სარკინიგზო კოდექსში“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, რასაც ასევე ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს, სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

აღნიშნული კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს მზად აქვს, თუმცა დოკუმენტის განხილვები გაურკევევლი დროით არის გადადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system