თავში

მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს

მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს
მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს

საკმაოდ წარმატებული პოლიტიკას ვახორციელებდით ავიასფეროში და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, უბრალოდ ახალ რეალობას მოვარგებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ადგენს სიას, თუ ვის აქვს მეტი ტურისტის მოზიდვის პერსპექტივა ქვეყანაში. გადაწყვეტილება, თურნავას თქმით, სწორედ ამის ანალიზის საფუძველზე მიიღება.

ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს იმისთვის, რომ მზად ვიყოთ და 15 ივნისს გავხსნათ ჩვენი ტურისტული სექტორი ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისისთვის გავხსნათ უკვე ტურისტული ინდუსტრია უცხოელი ტურისტებისთვის. რასაკვირველია, ეს ტურისტები ქვეყანაში უნდა შემოვიდნენ, როგორც სახმელეთო გზებით, ისე საჰაერო გზებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდამდე ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებები იმ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან, ვინც ჩვენთან დაფრინავდა აქამდე და შემდგომშიც გააგრძელებს ფრენას. ასევე არამარტო მათთან. ჩვენ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ „ვიზეართან“. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავინახოთ, რომ „ვიზეარი“ შეასრულებს ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტს, რაც ამ დღეებში დაწესებული იქნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან. ასევე უკვე არის გამოქვეყნებული აიატას სტანდარტები, რაც ეხება ავიაციას და პრინციპში იქ არც არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ავიაკომპანიებმა არ შეასრულონ. პარალელურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი აეროპორტები მზად იყოს და ყველა გაიდლაინი იყოს დაცული. კონკრეტული გეგმა მაისის განმავლობაში იქნება. ასევე ვმუშაობთ იმ მიმართულებების მოკლე სიაზე, თუ რომელი ავიაკომპანიები იქნება მზად და მოემსახურება, პირველ რიგში, მომხმარებლებს და რომელსაც პერსპექტივა აქვს, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს. ასევე ვმუშაობთ ქვეყნებთან დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომ შევქმნათ უსაფრთხო დერეფნები. ჩვენ აქამდეც, ბოლო წლებია, საკმაოდ წარმატებული პოლიტიკას ვახორციელებდით ავიასფეროში და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, უბრალოდ, მოვარგებთ ახალ რეალობას“,-განაცხადა ნათია თურნ

დღეს ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული იმიჯით უნდა დაპოზიციონირდეს საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გიდებისთვის შეღავათები და სპეციალური პლატფორმა ამოქმედდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

დღესვე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვლის თქმით, ტურიზმის ყველა სეგმენტისთვის მთავრობა განსხვავებულ გაიდლაინებს შეიმუშავებს.

მისივე თქმით, აჭარა მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში უპირველესად რეგიონის ტურისტებს ელოდება, თუმცა მთავრობა ევროპელი ტურისტების მოსაზიდადაც აქტიურად იმუშავებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.

თურნავას პროგნოზით, მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც აქამდე გვქონდა და მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ისე ქვეყნის მთავრობებთან უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმა გასაჯაროვდება. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

ავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system