თავში

მთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს

მთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს
მთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს

ერთ თვეში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო ობიექტების განახლებული ჩამონათვალი გამოქვეყნდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, წელს ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაა. მისივე თქმით, ერთ თვეში სახელმწიფო ბიზნესს 10 სახელმწოფო კომპანიას შესთავაზებს, ხოლო მთელი 2021 წლის განმავლობაში მთავრობა 50-მდე სახელმწიფო საწარმოს პრივატიზებას გეგმავს.

„სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ორი მიმართულებით მივდივართ. არის სტრატეგიული ობიექტები, რკინიგზა, ელექტროსისტემა, გაზის კორპორაცია, რომელთა პრივატიზაცია ჯერჯერობით არ განიხილება, მათი კორპორატიზაცია და რეფორმირება მიდის“, - აღნიშნავს მინისტრი და განმარტავს, როგორ აპირებს მთავრობა დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასვლას.

"ავამოქმედებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის პრივატიზაციის ახალი, ინტენსიური პოლიტიკა. გვაქვს წიაღისეულის ლიცენზიების მასშტაბური გაცემა, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და პარალელურად, კორპორატიზაცია და რეფორმა. ეს სამი ფაქტორი იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების სასარგებლოდ“, - ამბობს მინისტრი თურნავა. 

ცნობისთვის, 2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა. 

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system