თავში

მთავრობა წელს ღვინის ექსპორტის კლებას და ყურძნის მოსავლიანობის ზრდას ელოდება

მთავრობა წელს ღვინის ექსპორტის კლებას და ყ
მთავრობა წელს ღვინის ექსპორტის კლებას და ყურძნის მოსავლიანობის ზრდას ელოდება

მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა,რომ 2020 წელს ექსპორტი შემცირდება ხოლო მოსავლიანობა წინა წლების მსგავსად მზარდი იქნება. მისივე თქმით, ამ საკითხით სპეკულირება დღევანდელ მძიმე პირობებში, სხვადასხვა მხარის მხრიდან უმართებულო იქნება.

„ჩვენ გვესმის, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა იმ პირობებში, როდესაც ჰორეკა სეგმენტი რამდენიმე თვე იყო დაკეტილი; გვესმის, რომ სამეზობლო ქვეყნებში ვითარება კოვიდიდან გამომდინარე კიდევ უფრო მძიმეა და იქ ჩაკეტვების რეჟიმი ჯერ კიდევ გრძელდება; აქედან გამომდინარე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ექსპორტის კუთხით გვქონდა შეიძლება წელს ვერ მივიღოთ. მეორე მხრივ, ჩვენი ნედლეულის წარმოება იყო სწორედ ამ ზრდაზე ორიენტირებული და ჩვენ ყოველწლიურად 10-15%-ით მეტი ყურძნის წარმოება გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო წლებში ჩვენ ინტენსიურად ვაშენებდით ვენახებს და რამდენიმე ათეული კომპანიიდან მივიღეთ 300-მდე მწარმოებელი კომპანია, ხოლო რაოდენობაში ეს არის 300 000 ტონა ინდუსტრიულად გადასამუშავებელი ყურძენი 2020 წელს. ასე რომ ამ მასის დაბინავება ასეთ პირობებში, ასეთ ფასად, ვფიქრობ, რომ ეს არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა იჩენს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ყურძნის მინიმალურ ფასს აწესებს ყურძნის ხარისხისა და ადგილწარმოშობის ზონების გათვალისწინებით.

მსხვილი ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრიან სუბსიდიას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ 1 000 ტონაზე მეტ რქაწითელს ან კახურ მწვანეს გადაამუშავებენ და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება იქნება 80 თეთრი. სხვა სახეობის ყურძნის მიღების შემთხვევაში სუბსიდირება არ მოხდება. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სუბსიდიას მიიღებს ყურძნის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანია "აკურაც", რომელმაც შარშან მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა წელს მთავრობამ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განაახლოს რთველის სუბსიდირება.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს.

დღესვე წლევანდელი რთველისთვის ყურძენზე მინიმალური ფასიც განისაზღვრა. წელს კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძენი მინიმუმ 80 თეთრი ეღირება.

ცნობისთვის, წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და ჯამში რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება.

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ 2020 წლის რთველი წარმატებული აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system