თავში

მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარს გადაუხდის

მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარს გადაუხდის
მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარს გადაუხდის

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. ასევე, დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს. 

ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 193 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარით ოდენობის უმუშევრობის სუბსიდირებით უზრუნველყოფენ იმ პირებს, ვინც დაკარგა სამსახური ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. აღნიშნული სუბსიდია განკუთვნილი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს და შეწყვიტეს, რადგან კომპანიები დაიხურა. სუბსიდირებას მიიღებენ ასევე ის კომპანიები, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები.

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხზე განცხადება საქართველოს მთავრობაში დღეს გაკეთდება.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მთავრობამ ორი მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულირების პაკეტი გამოყო, რაც მანამდე გამოცხადებულ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტს დაემატა. 

სსფ-ის განმარტებით, თავდაპირველი პაკეტი მოიცავდა ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის შეჩერებას, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ-ის ანაზღაურების პროცესის დაჩქარებას და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს იმასაც, რომ სამთავრობო ინიციატივა ასევე მოიცავს მოსახლეობის ღარიბი სეგმენტისთვის, რომელიც მოიხმარს თვეში 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე და 200 კუბურ მეტრ გაზზე ნაკლებს, მარტი-მაისის პერიოდში ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და დასუფთავების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. 351 მილიონი ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვის ხარჯებზე, მათ შორის, ტესტებსა და კარანტინში პაციენტების მოთავსების ხარჯებზე.

აქვეა აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტს, მათ შორის, ფქვილის, ბრინჯის, რძის ფხვნილის, ზეთის და ამ პროდუქტების 50 მილიონი ლარის ღირებულების მარაგს შექმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system