თავში

მთავრობამ პურის 15-20-თეთრიანი გაძვირება დააზღვია

მთავრობამ პურის 15-20-თეთრიანი გაძვირება დააზღვია
მთავრობამ პურის 15-20-თეთრიანი გაძვირება დააზღვია

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა რომ არა, ფქვილის გაძვირება პურის ფასზე აისახებოდა. ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისი განმარტებით, იმპორტიორებს სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოჰქონდათ , დღეს კი მისი შემოატანა 300 დოლარი ჯდება. სოლაგავა ამბობს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა.  

მისივე განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანიც არის პურზე ძველი ფასის შენარჩუნება, ორი ტენდერით ხორციელდება. სილაგავას ინფორმაციით, პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება.

„პროგრამა, რომლის მიზანია პურზე ფასების შენარჩუნება, მუშაობს ორი ტენდერის მეშვეობით, ანუ პირველი დეკემბრიდან პირველ თებერვლამდე და პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე. პირველი ტენდერი როდესაც გამოცხადდა, მაშინ ბაზარზე ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 63 ლარი. „პურის მწარმოებელთა ასოციაციის“ და მეპურეების გათვლებით, პური რომ არ გაძვირებულიყო, წისქვილკომბინატებიდან პირველი ხარისხის ფქვილის მიწოდება 53 ლარად უნდა მომხდარიყო. მაშინდელ საბაზრო ფასს 63 ლარს გამოაკლდა 53 ლარი, რომლის რეკომენდაციაც იყო და სახელმწიფომ 10-ლარიანი სუბსიდირება გამოყო. ეს საკმარისია, რომ დღესდღეობით მიმდინარე პროგრამის პირველი ორი თვის ფარგლებში პურის ფასი შენარჩუნებულიყო. დღეს ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის საბაზრო ფასი 68 ლარია. შესაბამისად, იმისთვის, რომ კომპენსირების სახით 53 ლარზე ჩამოვიდეს წისქვილკომბინატის მიწოდების ფასი, საჭიროა უკვე არა 10, არამედ 15 ლარის სუბსიდირება. ჩვენ მივაწოდეთ რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მათ მთავრობას და სუბსიდირების ფასი გაიზარდა 15 ლარამდე. ტენდერი გუშინ, 14:00 საათზე გაიხსნა. ესაა ინტერესთა გამოხატვა, თავის პარამეტრით, ნებისმიერ წისქვილკომბინატს, ტენდერში მოთხოვნილი პარამეტრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, ტენდერში შევიდეს. ტენდერის პირობები ხვალ, 14:00 საათზე იხურება. ტენდერის პირობების შესაბამისად, ვინც ნაკლებ სუბსიდირებას მოითხოვს, ის იქნება პირველი რიგის გამარჯვებული. ამ ტენდერის მიზანიც, ისევე როგორც პირველის, არის ის რომ პურის ფასი არ გაიზარდოს“, – განაცხადა სილაგავამ.

ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული.

მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system