თავში

მთავრობამ ყველაზე სახიფათო საგზაო წერტილები უნდა გამოავლინოს - როგორ მიმდინარეობს სატრანსპორტო რეფორმა

მთავრობამ ყველაზე სახიფათო საგზაო წერტილები უნდა გამოავლინოს
მთავრობამ ყველაზე სახიფათო საგზაო წერტილები უნდა გამოავლინოს - როგორ მიმდინარეობს სატრანსპორტო რეფორმა

მთავრობა იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1369 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, შესაბამისად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილების ზუსტი განსაზღვრა და ამ ადგილებზე საფრთხის შემცველი ელემენტების აღმოფხვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე პროექტის მიზანია საგზაო ქსელში შავი წერტილების განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისათვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

Report.ge - ს სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობის შესაფასებლად "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელსა და გამგეობის თავმჯდომარეს, გელა კვაშილავას დაუკავშირდა. მისი თქმით, ავტომობილისა და გზის გამართულობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად მომგებიანია ზოგადად ქვეყნისთვისაც და საავტომობილო ბაზრის ყველა მოთამაშისთვისაც. საგზაო და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტმა აგვიხსნა, რომ რეფორმა 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიმდინარეობის ხარისხთან ექსპერტს პრეტენზია არ აქვს, თუმცა რეფორმის ადმინისტრირების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი განმარტებით, ე.წ, "შავი წერტილების" გამოვლენა გზებზე აქამდე უნდა მომხდარიყო.

"შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენისა და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული. წელი ილევა და მუშაობა დაწყებული ჯერ კიდევ არაა. არადა, "შავი წერტილების" გამოვლენას კვლევა სჭირდება. ამისთვის ავარიების მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები არაა საკმარისი. საჭიროა, სპეციალისტების რამდენიმეთვიანი დაკვირვება, გზის გამტარუნარიანობისა და უბედური შემთხვევების თანაფარდობით საშუალო მაჩვენებლის დადგენა და ასე შემდეგ. თუ ასე გაგრძელდა, რეფორმა დროში გაიწელება, რაც არც სახელმწიფოს ინტერესშია და არც ხალხის," - განუცხადა Report.ge - ს ექსპერტმა.

გელა კვაშილავამ საერთო ჯამში რეფორმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო და საგზაო სფეროში პრობლემები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე. ექსპერტი გვიხსნის, რომ წარმატებული ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმების რეგიონალური ლიდერის პოზიციის მოლოდინი გადამეტებულია, როცა ტრანსპორტით გადაადგილება, ქალაქის შიგნით ერთი უბნიდან მეორეში უბრალოდ ფეხით სიარული, სიცოცხლისთვის დიდი რისკის შემცველია. მისივე თქმით, ქვეყნის განვითარების გრანდიოზული გეგმები არარეალურია, თუ მისი ხელისუფლება, ბიზნესი და საზოგადოება არ შეთანხმდება, რომ გორში, ქუთაისში, ფოთში, თელავში სკოლების წინ უსაფრთხო ქუჩის გადასასვლელების მოწყობასა და სუფთა, უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები ქვეყნის სივრცით მოწყობასა და მაგისტრალის გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე. გელა კვაშილავას მტკიცებით, ვიდრე ეს მიდგომა არ შეიცვლება და საგზაო უსაფრთხოების სფეროში ახალი ველოსიპედების შექმნის პროცესის არ დასრულდება, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system