თავში

მთავრობას ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ურჩევენ

მთავრობას ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ურჩევენ
მთავრობას ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ურჩევენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ლილუაშვილი ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის.  დეპუტატის განმარტებით, ინვესტორებთან სასაუბროდ ქვეყანას უპირატესობის მოპოვება სჭირდება და აუცილებელია, ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებითად განსხვავებულ მიდგომაზე უნდა იფიქროს.

„ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება იყოს, რომ ყველა ინვესტორი, უცხოური თუ ადგილობრივი, რომელიც ქვეყანაში 50 მლნ ლარის ინვესტირებას განახორციელებს, გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისაგან. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისთვის რომ გაგვიჩნდეს შედარებითი უპირატესობა ინვესტორეთან სასაუბროდ. კიდევ ერთი მიმართულება შეიძლება განვიხილოთ, მაგალითად, ინვესტორს, რომელიც ექსპორტზე და ამ მიმართულების ზრდაზე იქნება ორიენტირებული, სახელმწიფომ ექსპორტის ღირებულების ნაწილი დაუსუბსიდიროს. პირობიოთად, ექსპორტის 5%-ის ოდენობის, ეს ღონისძიება ბუნებრივია დროებითი უნდა იყოს. ამით პირდაპირ ეუბნები ინვესტორს, რომ შენ თუ შექმნი ისეთ ინვესტიციას, რომელიც გრძელვადიან პერიოდში იქნება მდგრადი, გპირდები მხარდაჭერას. ბიზნესის კეთების საწყის ეტაპზე ინვესტორებს აქვთ ბევრად მეტი ხარჯი. მაკროეკონომიკური სტაბილურობა ფუნდამენტია და დაბალი საგადასახადო ტვირთიც გვაქვს. თუმცა, ახლა გამოვირჩევით ჩვენი ნაკლოვანებებითაც. მაგალითად, ვერ ვახდენთ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. დღეს განვითარებადი ქვეყნებიდან ინვესტიციები გაედინება. ვაქცინაციის პროცესის განვითარებასთან ერთად ეს პროცესი შემოტრიალდება და ჩვენ უნდა დავხვდეთ ინვესტორებს მომზადებულები,“ -ამბობს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, გასულ წელს საქართველოს რეგულარულად სტუმრობდნენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან მთავრობამ არაორდინალური მუშაობა დაგეგმა.

მთავრობამ FDI-ის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო.

საქართველოში FDI მარაგებმა მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა, შედეგად ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკად დასახელდა FDI-მიზიდველობით. 80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა.

ფინანსისტების მოლოდინით, OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება.

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის. მოლოდინს ამყარებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საერთაშორისო აღიარება.

საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს.

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული მასშტაბი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს.

ცნობისთვის, საქართველომ საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეცვალა და პროაქტიულ მოდელზე გადავიდა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს. ასეთ კომპანიებს საქართვლოს ხელისუფლება მილიონ ლარამდე გრანტს მისცემს იმისთვის, რომ დაიფაროს ხარჯები, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან.

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system