თავში

მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ

მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ
მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ

სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. 

,,სახელმწიფო ბანკებს იმ რესურსს ართმევს, რომელიც მათ ბიზნესის სტიმულირებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ესე იგი, მთავრობისკენ გადამისამართებული ფული ეკონომიკას არ ხმარდება. ჩვენ არ ვიცით, რაში იხარჯება შემდეგ ეს ფული. შიდა ვალი ხელისუფლებისთვის იმიტომაა ,,მომგებიანი", რომ ადვილად იყენებენ და შეზღუდვის გარეშე ხარჯავენ. ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ ბანკებისგან სესხულობენ ფულს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავრობა შიდა ვალის აღებას განსაკუთრებით უნდა მოერიდოს და უფრო მეტად საგარეო ვალზე აიღოს ორიენტირი, მიუხედავად იმისა, ერთიც და მეორეც ტვირთია ქვეყნისთვის. გარდა ამისაჩვენ მომსწრე ვართ, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ხშირად პირადი ინტერესებისთვის იხარჯება, ამ ფულის კონტროლი სუსტია, რაც მისი მიზნობრიობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. საგარეო ვალის მიზნობრიობა კი მკაცრადც განსაზღვრულია და  ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები ნაკლებადაა. თანაც, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ  შიდა ვალი საკმაოდ ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკიდან ფულის მასის ამოღება ხელს უწყობს ლარის გამყარებას, ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს", - ამბობს პაატა ბაირახტარი.

ცნობისთვის, 2021 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ხუთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 83 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.950% პროცენტით, მაქსიმალური 8.065 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.020 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system