თავში

მთავრობის შეთავაზებამ სასტუმრო ბიზნესი იმედიანად განაწყო

მთავრობის შეთავაზებამ სასტუმრო ბიზნესი იმედიანად განაწყო
მთავრობის შეთავაზებამ სასტუმრო ბიზნესი იმედიანად განაწყო

მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის  სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას, სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები იმედიანად განაწყო. სასტუმროების მენეჯერების ნაწილმა ცვლილების შესახებ პირველად report.ge-გან შეიტყო და განაცხადა, რომ საბანკო ვალდებულებების გასტუმრება ამით უფრო გაუადვილდებათ. თუმცა ამისთვის მთავარია, სასტუმრო ბიზნესმა ფუნქციონირების გაგრძელება, მინიმუმ, ზაფხულიდან შეძლოს.

ცვლილება ეხება საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების გამო სერიოზული ზარალი მიადგათ. დღეის მდგომარეობით, მათ მუშაობა შეჩერებული აქვთ. 

თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა ვახტანგ ცხომელიძე ამბობს, რომ მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლომა მიეცეს.

,,უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შარშან ამ დროს ვიზიტორების მიღებას ვერ ავუდიოდით და ახლა სრულიად პარალიზებული ვართ. საკმაოდ დიდი მოცულობის გადასახადს ვიხდი, ფაქტობრივად პროცენტი მეტია, ვიდრე თანხის ძირი. თუკი მთავრობა თანადაფინანსებას მოახდენს, ტვირთი ცოტათი შემიმსუბუქდება და ძალების მობილიზებას უფრო მეტად შევძლებთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა და თავიდან დაწყება შეიძლება ვერც შეძლო", - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.

რაც შეეხება რეგიონებში მდებარე სასტუმროებს, საშუალო სეგმენტში აცხადებენ, რომ სესხის გადახდა გრძელვადიან პერიოდშიც გაუჭირდებათ, თუკი მინიმუმ, ზაფხულიდან არ გააგრძელებენ მუშაობას. 

,,გადასახადების 3 თვით გადავადებამ ცოტათი დაგვაიმედა, რომ კრიზისიდან გამოვალთ. პროცენტების თანადაფინანსება თუ მოხდება, მეტი შანსია, რომ პრობლემას დავძლევთ. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ცვლილება დენისა და გაზის გადასახადებსაც შეეხება და გადაგვივადებენ. სასტუმროებს დღეს ამ გადასახადის გადახდაც კი უჭირთ", - ამბობს ბათუმში მდებარე სასტუმროს მენეჯერი დიანა ბოლქვაძე.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროების მხარდამჭერ პროგრამას სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამის მიზანია, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისთვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system