თავში

მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკა

მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკა
მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ მშპ-ის 39.8 პროცენტი შეადგინა.

როგორც პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სრულად დააბალანსა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

მთავრობის განმარტაებით, რომ 2019 წელს წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბალანსმა გადააჭარბა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და მშპ-ის 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვალით დაფინანსებული დეფიციტი უარყოფითი იყო.

„2019 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 267.7 მლნ აშშ დოლარი (მშპ-ის 7.1 პროცენტი) შეადგინა. მკვეთრად იმატა რეინვესტირების მაჩვენებელმაც. 2019 წელს რეინვესტირების მოცულობა 40.1 პროცენტით გაიზარდა და 612.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მისმა წილმა კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების − 48.3 პროცენტი. რეინვესტირების ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს მიმართ. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. ვალის მართვა ხორციელდება მთავრობის ვალის მართვის 2019 − 2021 წლების სტრატეგიის შესაბამისად. ასევე, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება ბენჩმარკბონდების გამოშვება, დაწყებულია ვალდებულებების მართვის, გამოსყიდვის ოპერაციებისა და პირველადი დილერების სისტემის დანერგვის ღონისძიებები. პარალელურად, საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის, მნიშვნელობას და აგრძელებს კონსულტაციებს სხვადასხვა დონორთან/განვითარების პარტნიორთან საქართველოში საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების/ოფისების გახსნისა თუ გაფართოების შესახებ. ეს იძლევა საშუალებას, ქვეყანას მეტი არჩევანი ჰქონდეს შეღავათიანი ფინანსური რესურსით მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან/პარტნიორებთან სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გრანტებისა და გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მოსაზიდად“, – აცხადებს საქართველოს მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიური ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 15 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 900 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსზე.

დოკუმენტში საუბარია ქვეყნის საგარეო ვალზეც.

„2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი მთლიანი მთავრობის ვალის 79 პროცენტს შეადგენს. ამ რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისაგან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების/პროგრამების დაფინანსებისთვის. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც შეღავათიანი სესხების მოზიდვა ზრდის მთავრობის ვალის ოდენობას, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა მოზიდული სესხებით დაფინანსებული პროექტების შერჩევას, მათი პრიორიტეტულობისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით“, – აცხადებს მთავრობა და განმარტავს, რომ გაიზარდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგები. 

2019 წლის განმავლობაში, ორმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს გაუზარდა სუვერენული რეიტინგი. კერძოდ, „ფიჩმა“ (Fitch) და „ეს ენდ პიმ“ (S&P) მთავრობის ვალის საკრედიტო რეიტინგი „ბიბი“ (BB) სტაბილურით შეაფასეს. როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ანგარიშებში აღინიშნა, გაუმჯობესება ძირითადად განპირობებული იყო მოწყვლადობის რისკების შემცირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system