თავში

მთავრობისა და "ფრონტერას" ურთიერთბრალდებები

მთავრობისა და "ფრონტერას" ურთიერთბრალდებები
მთავრობისა და ფრონტერას ურთიერთბრალდებები

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ საარბიტრაჟო დავის საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს.

კორპორაცია „ფრონტერას“ საარბიტრაჟო განხილვის შედეგებზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ფრონტერას“ მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისკენ მიმართული საჯარო განცხადებები. სააგენტო და კორპორაცია „ფრონტერასგან“ ელოდებიან ამ ტიპის განცხადებების ინტენსივობის გაზრდას და წმინდა კომერციული დავის პოლიტიზების მცდელობების გაგრძელებას, რაც ქართულ მხარეზე არაკეთილსინდისიერი ზეწოლის განხორციელებასა და დაინტერესებული პირების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით სააგენტომ და კორპორაციამ „ფრონტერას“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესთავაზეს, რაზედაც კომპანიამ უარი განაცხადა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს „ფრონტერას“ შესაბამის ვალდებულებებს, როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში და არ შეიძლება, დისკუსიის საგანს წარმოადგენდეს. „ფრონტერას“ მცდელობის მიუხედავად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა კორპორაციისა და სააგენტოს პოზიცია, რომ „ფრონტერას“ განცხადებები ნავთობისა და გაზის მოცულობების აღმოჩენის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დასტურდება. ტრიბუნალმა არალეგიტიმურად სცნო „ფრონტერას“ მიერ ხელშეკრულების მის აფილირებულ კომპანია „ფრონტერა აშშ“-ზე გადაცემის მცდელობაც.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ცალსახად დაადგინა „ფრონტერას“ მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტი, რამაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლება მიანიჭა. „ფრონტერას“ განცხადების საწინააღმდეგოდ, საარბიტრაჟო პრეტენზიები, რომელიც კორპორაციისა და სააგენტოს მიერ იყო წამოყენებული, სრულიადაც არ მოითხოვდა მხარეებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტას და ვერც მოითხოვდა, რადგან სამართლებრივად შეწყვეტის მოთხოვნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ხელშეკრულების არსებითი დარღვევის ფაქტი ფიქსირდება დეკლარაციაში, რაც მანამდე არ მომხდარა, თუმცა აისახა ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილებაში. შედეგად, სააგენტომ, რომელიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს, შესაბამისი სახელშეკრულებო დებულების საფუძველზე, „ფრონტერას“ ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება გაუგზავნა.

სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება. „ფრონტერა“ ვალდებულია, გამოიყენოს განსაზღვრული 90 დღე კონტრაქტის შეწყვეტისა და სალიცენზიო ბლოკის დაბრუნებისთვის საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის მძიმე გარემოსდაცვითი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

სააგენტო და კორპორაცია „ფრონტერასთან“ პოლემიკის გაგრძელებას აღარ აპირებენ და კონტრაქტით გათვალისწინებულ შესაბამის პროცედურებს მიჰყვებიან“, – ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა.

„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ კომპანია „ფრონტერას“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაგზავნა. კორპორაციის განცხადებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს.

4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ შეიცავს და არც გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას. კორპორაციის ეს განცხადება გამიზნულია შეგნებულად გააგრძელონ უზუსტობებით სავსე, შეცდომაში შემყვანი და შეთხზული ინფორმაციის გავრცელება, ჩვენი კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება აქვთ და არც კონტრაქტი შეიცავს პირობას, რომელიც კონტრაქტის ვადამდელ ავტომატურ შეწყვეტას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system