თავში

მთის კურორტებზე 261,000 ლარის აბონემენტის მიზნობრიობა ვერ დგინდება

​მთის კურორტებზე 261,000 ლარის აბონემენტის მიზნობრიობა ვერ დგინდება
მთის კურორტებზე 261,000 ლარის აბონემენტის მიზნობრიობა ვერ დგინდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ უფასოდ გაცემული 261,000 ლარის აბონემენტის მიზნობრიობა ვერ დგინდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ირკვევა, რომ კომპანია ამ აბონემენტებს თავის თანამშრომლებს და ამ თანამშრომლების “ოჯახის წევრებს” ასევე “VIP” პირებს უფასოდ ურიგებს. დასკვნის მიხედვით, 2018-2019 წლებში კომპანიამ ამ პირებზე 261,000 ლარის აბონემენტები ისე გასცა, რომ ამ აბონემენტების მფლობელების ვინაობის სია არც კი აღურიცხავს. ასევე არ არსებობს არავითარი კრიტერიუმები, რომლითაც ე.წ. “VIP” აბონემენტების გაცემა რეგულირდება. 

“საბაგირო გზის აბონემენტების უფასოდ და შეღავათიანი ფასით გაცემის საკითხის განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიის თანამშრომლებს, მათ შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო გზის უფასო აბონემენტებით. აღნიშნული პირებისთვის აბონემენტების უფასოდ გაცემის საფუძვლად განსაზღვრულია დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადება აბონემენტების მიმღებ პირთა შესაბამისი სიით. იმავე კომისიის გადაწყვეტილებით, ე.წ. VIP მომხმარებლებზე აბონემენტების უფასოდ გადაცემა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი ევალებათ კომპანიის კონკრეტულ თანამშრომლებს. აუდიტის პერიოდში კომპანიის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები საბაგირო გზის აბონემენტებით სარგებლობდნენ უფასოდ. 2018 და 2019 წლების იანვარში მხოლოდ კურორტ გუდაურში აღნიშნულ პირებზე უფასოდ გაცემულია 115 ერთეული აბონემენტი, ღირებულებით − 64,100 ლარი. სულ 2018-2019 წლებში ანალოგიური აბონემენტების ღირებულებამ 133,000 ლარი შეადგინა. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა. ანალოგიურად, VIP მომხმარებელზე აბონემენტები გაცემულია უფასოდ, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. ასეთმა ხარჯებმა მხოლოდ გუდაურში, 2018 და 2019 წლების იანვარში − 7,800 ლარი, ხოლო სულ, 2018-2019 წლებში ანალოგიური აბონემენტების ღირებულებამ 128,000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არ არის დადგენილი, თუ როგორ განისაზღვრება VIP მომხმარებლის კატეგორია. 2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებელზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა. მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების გარეშე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ხარჯებად აღიარება ეწინააღმდეგება კომპანიის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებებს, ხარჯები გაუმჭვირვალეა და არ იძლევა მათი საჭიროებისა და მიზნობრიობის დადგენის შესაძლებლობას. სახსრების ეკონომიურად და გამჭვირვალედ განკარგვის მიზნით, დადგენილი წესით აბონენემენტების უფასოდ გაცემის შემთხვევაში, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს განისაზღვროს შესაბამისი ხარჯების მიზნობრიობა და საჭიროება,” - წერია აუდიტის დასკვნაში.

ცნობისთვის, მთის კურორტების განვითარების კომპანია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც ბაკურიანის, გოდერძის, თეთნულდისა და გუდაურის კურორტებს მართავს. კომპანიის ძირითადი შემოსავალი მილიონობით ლარის სახელმწიფო სუბსიდიაა, რომელსაც ის ინფრასტრუქტურის აშენებისთვის იღებს. შემოსავლის დამოუკიდებელი წყაროს სახით კი კომპანია კურორტებზე საბაგიროს მოსაკრებლებს ყიდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system