თავში

მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც გვჭირდება - თურნავა

მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები
მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც გვჭირდება - თურნავა

"ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე“ ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, განვითარდება მცირე ენერგეტიკაც - ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ „ენგურჰესის“ მსგავსი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მთლიანობაში იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით.

„ენგურჰესი“ თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგური, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი დადგებოდა კითხვის ქვეშ. ეს არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენ ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ. რა თქმა უნდა, მცირე ენერგეტიკაც, ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურის მსგავსი მსხვილი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები. მათ შორის, „ნამახვანი ჰესი“, „ხუდონჰესი“, „ნენსკრაჰესი“. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system