თავში

ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაიზარდა - რას გეგმავს სებ-ი

ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაიზარდა - რას გეგმავს სებ-ი
ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაიზარდა - რას გეგმავს სებ-ი

კორონავირუსის პანდემიისა და არსებული ლოჯისტიკური შეზღუდვების ფონზე, კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვნად (დაახლოებით 700 მილიონი ლარით) გაიზრდა მოთხოვნა ნაღდ ფულზე. 

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. 

უწყების განმარტებით, პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებში არსებული ანგარიშებიდან (850 მილიონ ლარამდე) თანხების ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე მობილიზებას ახდენს. ამის გარდა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების გზით 300 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო მიმოქცევიდან.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, იმის გამო, რომ კომერციულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობამ მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა, მათი შემოდინების ნაკადები შემცირდა, რაც გაზარდა მოთხოვნს ლიკვიდურ სახსრებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო სისტემის მოთხოვნა ეროვნული ვალუტით ლიკვიდობაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს მოთხოვნა ცენტრალური ბანკის მიერ ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებით უნდა დაბალანსდეს.

"ეროვნული ბანკი ასევე ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს საქართველოს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერას სტანდარტულ რეფინანსირების სესხებთან ერთად, დამატებით „სვოპ" ოპერაციებითაც უზრუნველყოფს, რომლებიც, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ, ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) აშშ დოლარის მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის. სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. 

ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით.

ეროვნული ბანკი დღევანდელ ვითარებაშიც და პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება, ტრადიციულად უზრუნველყოფს საფინანსო სისტემაში და მთლიანად ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის არსებობას. შესაბამისად, მონეტარული ინსტრუმენტებისა და უცხოური ვალუტით დაგროვილი ბუფერების გამოყენების შედეგად, ლიკვიდობა საფინანსო სიტემისათვის ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ იქნება, მათ შორის, არც პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ქვეყნის პირველი ბანკის ცნობით, ეროვნული ბანკის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტები, რათა ფინანსურ სექტორს შეუზღუდავად მიაწოდოს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, ლიკვიდობის მიწოდების დამატებით რესურსსა და ბუფერის როლს საერთაშორისო რეზერვები და, მათ შორის, უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები (ამჟამად - 1.4 მლრდ აშშ დოლარი) წარმოადგენს.  

ცნობისთვის, ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთ ძირითადი მოვალეობაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system