თავში

ნამახვანი ჰესის კვლევებში ჩართული იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები

ნამახვანი ჰესის კვლევებში ჩართული იყვნენ ქართველი და
ნამახვანი ჰესის კვლევებში ჩართული იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები

2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ქვემო ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) გაცემას წინ უძღვოდა დეტალური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საველე კვლევები, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ბიომრავალფეროვნების და სხვა მიმართულებებით. პროექტის შესწავლის პროცესი იყო ხანგრძლივი. პროცესში ჩართული იყვნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სხვადასხვა დარგის როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შესაბამისი ექსპერტების შეფასებების და დასკვნების საფუძველზე, პროექტის პირველად ვარიანტში გარკვეული ცვლილებები რამდენმეჯერ შევიდა.

"თავდაპირველი პროექტი მოიცავდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას. დეტალური კვლევებისა და შეფასებების გათვალისწინებით, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების საკითხებს დაეთმო, პროექტში შევიდა ცვლილება; 2015 წელს შესაბამისი ნებართვები გაცემულია ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. მოგვიანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰესების კასკადის თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანის და ოპტიმიზაციის თაობაზე, რასაც წინ უძღვოდა საპროექტო არეალში საველე დაკვირვებების საფუძველზე დამატებით ჩატარებული კვლევები. 2020 წელს სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტზე. აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რისკები კიდევ უფრო მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებს, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა სხვადასხვა დაინტერსებული ორგანიზაციის მიერ. გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, სამინისტრომ გაცემული გადაწყვეტილებით და შესაბამისი პირობების დადგენით ერთგვარად მინიმუმამდე დაიყვანა როგორც სამშენებლო საქმიანობის, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი შესაძლო რისკები შესაბამისად ამ საკითხზე სპეკულირება ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია," - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქვემო ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე გაიმართა 2 საჯარო განხილვა (სკოპინგისა და გზშ-ის ეტაპებზე), სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. 

"აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვებს ესწრებოდნენ ასევე განცხადების ავტორი ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. სამინისტრომ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება ინფორმაციის გავრცელებისთვის, კერძოდ, ინფორმაცია საჯარო განხილვების ჩატარების თარიღის და ადგილის შესახებ, განთავსდა პროექტის არეალში მოქცეულ ყველა მუნიციპალიტეტში, საზოგადოების თავშეყრის დამკვიდრებულ ადგილებში, რომ მოსახლეობას, დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონოდა მიეღო ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია საჯარო და ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ასევე მიეწოდა შესაბამის მუნიციპალიტეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ასევე დღეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს არსებულ კვლევებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების გაცემას. სამინისტრო უკომპრომისოა, როდესაც საქმე ეხება გარემოზე შეუქცევად ზემოქმედებას და რეალურ საფრთხეებს. აღნიშნულს ადასტურებს ორი ჰესის მშენებლობაზე სამინისტროს მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილება - ერთი ბორჯომში, სადაც ჰესის და მისი სადერივაციო არხის მშენებლობა ეწინააღმდეგებოდა წარმოდგენილ ტერიტორიაზე გავრცელებულ რეჟიმს და არსებობდა იქ არსებულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედების რისკები და მეორე გუდამაყარში, სადაც მდინარე არაგვზე მშენებარე ჰესები ბუნებრივ ლანდშაფტების პირველად სახეს ცვლიდა და დაცულ ტერიტორიებს სტატუსს უკარგავდა," - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება. სხვა შემთხვევაში, დაუსაბუთებელი არგუმენტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგ გამოსვლას და სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენებას გამართლება არ აქვს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ნებისმიერი მასშტაბური თუ მცირე პროექტის განხორციელების დროს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. 

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესის დადგმული სიმძლავრეა 430-მეგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

სადგურის სრულად ექსპლოატაციაში შესვლა 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც.

ცნობისთვის, მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე თითქმის ერთი თვეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეები სამუშაოების შეწყვეტას და ადგილიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system