თავში

ნამახვანიჰესის ინვესტორს 270 ადგილობრივ ოჯახზე 34 მილიონი ლარი აქვს გაცემული

ნამახვანიჰესის ინვესტორს 270 ადგილობრივ ოჯახზე
ნამახვანიჰესის ინვესტორს  270 ადგილობრივ ოჯახზე 34 მილიონი ლარი აქვს გაცემული

"ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს, თითო ოჯახს საშუალოდ 125 000 ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს. მინისტრის განმარტებით, ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ის ქართული ჰიდროელექტროსადგური

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მიწა კომპანიისთვის უფასოა. ეს არასწორია. კი, სახელმწიფო შედის ამ მიწით, რადგან ეს არის კერძო საჯარო თანამშრომლობის პროექტი. ინვესტორს მოაქვს საკუთარი რესურსები - 830 მილიონი დოლარი, ხოლო სახელმწიფო მიწით შედის ამ პროექტში, მაგრამ ინვესტორისთვის ეს არაა უფასო. ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს, თითო ოჯახს საშუალოდ 125 000 ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა. გარდა ამისა, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ კერძო საინვესტიციო პროექტს, რომელშიც ინვესტორი არ ფლობს მართლზომიერად იმ მიწას, რომელზეც რამეს აშენებს. მაგალითად, სხვის მიწაზე სახლს ხომ ვერ ააშენებთ? ვიღაცები ამბობენ, რომ ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ. ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ჰესის ნაგებობები ააშენოს. თუ ინვესტორმა ვერ ააშენა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ესაა ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგური“, - ამბობს  თურნავა და დასძენს, რომ ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. 

„ჩვენი მოხმარების 10%-ს აღწევს და ანაცვლებს იმპორტის საჭიროებებს. ეს არის 1600 დასაქმებული ადამიანი მშენებლობის დროს და 300-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი ოპერირების დროს. ეს არის წელიწადში 30 მილიონი ლარის გადასახადი, რომლის უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში შედის. ეს არის არაერთი სიკეთე ხეობისთვის, დაწყებული ელემენტარული ინფრასტრუქტურით და დამთავრებული განათლებით ახალგაზრდებისთვის, მაგრამ თავი რომ დავანებოთ პროექტის სიკეთეებს, მინდა ვთქვა, რომ ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ერთმანეთზე გავლენის მოხდენის და ზეწოლის უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ენერგეტიკა, ამიტომ ჰესების მშენებლობით ვაზღვევთ მომავალი თაობების სიძლიერეს და დამოუკიდებლობას. წარმოიდგინეთ, რომ არ აშენებულიყო ენგურჰესი, რომელიც დღეს ადგილობრივი ენერგიის 2/3-ს უზრუნველყოფს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები რომელიმე მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს“, – განაცხადა თურნავამ.

ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 5 თვეა გააქტიურდა. გუშინ რიონის ხეობაში ხმაური იყო. მოქალაქეები ნამახვანიჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, პოლიციამ კი ამის ნებას არ მისცა. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ანუ, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, თუმცა კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგზაო სამუშაოებს აგრძელებს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

მთავრობის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნამახვანიჰესზე გადის. მათივე მტკიცებით, ქვეყანას მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ქვეყანა არაა მდიდარი ნავთობითა და გაზით. ის სიმდიდრე, რაც საქართველოშია წყალია და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველომ წლების წინ გააკეთა ისტორიული არჩევანი და ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი გახდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას პრემიერ-მინისტრიც განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. ამ ჰესის კასკადის პროექტი ქართველმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ, ჩაიბარა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system