თავში

ნამახვანიჰესის უსაფრთხოებაში მთავრობა დარწმუნებულია

ნამახვანიჰესის უსაფრთხოებაში მთავრობა დარწმუნებულია
ნამახვანიჰესის უსაფრთხოებაში მთავრობა დარწმუნებულია

„იყო ჰიდროლოგიურ დაკვირვებებთან დაკავშირებით კითხვა, თუ რამდენად სრულყოფილად იყო ჰიდროლოგია ჩატარებული ამ პროექტის ფარგლებში. საუბარი იყო ოპონენტების მიერ, რომ წყლის რესურსების შეფასება არ მომხდარა და გადაწყვეტილება დაეფუძნა გასული საუკუნის მონაცემებს, რაც არასწორია," - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლებან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის მტკიცებით, ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი.

"არსებობს 76 წლიანი დაკვირვების ჰიდროლოგიური მონაცემები 2013 წლის ჩათვლით და ეს გაკეთებულია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე იტალიური კომპანიის მიერ. ეს იყო კომპანია Studio Pietrangeli, რომელმაც ჰიდროლოგიური კვლევები აწარმოა და მათ კვლევებთან ერთად დამატებით გამოყენებული იყო შვეიცარული კომპანიის Stucky კვლევები. ჩვენ ვიცით, რომ გუმათის ჰესის კვლევები სრულად თავსებადია ნამახვან ჰესის მონაცემებთან. ასევე, ნამახვანზე არსებობდა ჰიდროლოგიური დაკვირვებების ინფორმაცია და ეს ყველაფერი გაერთიანდა და არის ამ ანგარიშში წარმოდგენილი. მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითასვილი არ გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროცესში, შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც ასევე უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული. მისი თქმიტ, წინასწარი კვლევა 100%-ით ყველაფერს ვერ ამოწურავს“

"დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე. კვლევის ანგარიშში მოცემული ინფორმაციით კაშხლის დაფუძნება აბსოლუტურად მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც ამცირებს გეოლოგიურ რისკებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (12, 13, 14, 16, პუნქტები), შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით დაევალა შემდეგი პირობების შესრულება:

  • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე უზრუნველყოს ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების განლაგების და მათ მიმდებარედ არსებულ მეწყრულ უბნებზე პერიოდული ვიზუალური მონიტორინგის წარმოება (განსაკუთრებით წყალსაცავის მდგრადობაზე მათი გავლენის კონტროლის მიზნით) და მიღებული შედეგების 6 თვეში ერთხელ სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა;
  • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს N6 მეწყერზე (გონის მასივი) ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემის მოწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინასწარი კვლევების ჩატარება და შედეგების სამინისტროში წარმოდგენა. აღნიშნული კვლევების განხორციელება დასაშვებია ჰესის მშენებლობის პარალელურად, ხოლო მონიტორინგის სისტემის ინსტალაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნას წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწყრულ სხეულზე გათვალისწინებულია პიეზომეტრების და ინკლინომეტრების მოწყობა (რისთვისაც საჭირო გახდება ჭაბურღილების გაყვანა), მეწყრული სხეულის სიმძლავრის (ცოცვის სიბრტყე ან შესუსტების ზონის მდებარეობა სიღრმეში) დადგენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჭაბურღილების გაყვანის შედეგად მიღებული ინფორმაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
  • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს როგორც სადერივაციო, ასევე მიმყვანი გვირაბის მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (გვირაბის მშენებლობის პარალელურად) და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში;
  • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყაროების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა სამინისტროში (წელიწადში ერთხელ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების ობიექტებზე და ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენით მათი დებიტის შესაძლო შემცირების, ან დაკარგვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყალმომარაგებით.
  • მშენებლობის პროცესში აუცილებელია წყაროების რეჟიმზე დაკვირვება. წყაროებზე ზემოქმედება გამორიცხულია, თუმცა პირობაზე მითითებულია ასევე ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ.

    ასევე მეწყრული უბნები შეფასებულია, თუმცა სტანდარტები ითვალისწინებენ პარალელურ რეჟიმში კვლევების ჩატარებას.

    გვირაბის გაყვანის პარალელურად, კომპანიას დაევალა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში. მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში სტანდარტები ითვალისწინებს მშენებლობის პროცესში პარალელურად დეტალური კვლევების ჩატარებას," - განმარტა მინისტრმა დავითაშვილმა. 

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მტკიცებით, არსებობს დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე, რადგან წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედება დეტალურად იყო შესწავლილი.

    "გზშ-ის ანგარიშს სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად, როგორიცაა გეოლოგიური, გეოფიზიკური, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები, ასევე თან ერთვის წყალტუბოს თერმული წყლების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევა, რომელიც შესრულებულია „TEMELSU INTERNATIONAL ENGINEERING“ კომპანიის მიერ. რაც შეეხება ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენას კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებზე, აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად აბსოლუტურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების, კვების და განტვირთვის არეებს. აქედან გამომდინარე, ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია,"  - ამბობს დავითაშვილი და დარწმუნებულია, რომ ნამახვანის წყალსაცავი არც მყინვარების დნობაზე მოახდენს გავლენას.

    "არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერის და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ენგურჰესიდან. მდ. ენგურზე, ჯვრის წყალსაცავის, რომლის სარკის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 2.5 - ჯერ აღემატება ნამახვანის საპროექტო წყალსაცავის ზედაპირის ფართობს, ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურაზე და სინოტივეზე წყალსაცავის არსებითი გავლენა წყალსაცავის კიდიდან მხოლოდ 500 მ - ით, ხოლო მცირე გავლენა 5 კმ - ით შემოიფარგლება. საპროექტო წყალსაცავის (ნამახვანის) უკიდურესი ჩრდილოეთი ნაპირიდან უახლოეს მყინვარებამდე მანძილი 70 კმ-ის ფარგლებშია, რაც არსებითად სცდება ზემოთხსენებულ მიკროკლიმატურ მასშტაბს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყინვარების დნობაზე ნამახვანის წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია," - განმარტავს მინისტრი დავითაშვილი და იქვე გამორიცხავს, რომ წყალსაცავს შეუძლია რაიმენაირი გავლენა იქონიოს ტვიშის მიკროზონაზემინისტრის ინფორმაციით ამაზე კვლევა ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ფრანგულმა კომპანიამ ,,Terraclima”

    „მნიშვნელოვანი შეფასება გაკეთდა მიკროკლიმატზე, ესეც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო, რომელიც მოსახლეობას აღელვებდა. ეს არის ხეობა, სადაც არის მევენახეობის განსაკუთრებული მიკროზონა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ტვიში იწარმოება ამ ხეობაში. საუბარი იყო, რამდენად შეიძლება მოეხდინა გავლენა ტვიშის მიკროზონაზე წყალსაცავს. ეს კვლევა ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ფრანგულმა კომპანიამ ,,Terraclima”. მინდა გითხრათ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს კლიმატის შეფასებას და კვლევებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის „მოეტი" (Moet), „ჰენესი“ (Hennesy) და „ლუი ვიტონი“ (Louis Vuitton), მათ შორის, კვლევებს შამპანურის ყველაზე დიდი ბრენდისთვის, „მოეტი“. ყველაზე ძვირფასი ღვინო, თუ რამე არსებობს და იწარმოება, ეს კომპანია მათი მიკროკლიმატის შეფასებას აკეთებს. აქაც, ვფიქრობ, რომ რეპუტაცია და სანდოობა არის მაღალი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით წარმოდგენილ გზშ-ის ანგარიშსა და თანდართულ მიკროკლიმატზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელზეც იმუშავა ,,Terraclima”, აღწერილია ადგილობრივ ტემპერატურასა და ტენიანობაზე პოტენციური ზემოქმედების საკითხები, მათ შორის, საპროექტო წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვენახებში ბიოკლიმატური პარამეტრების ცვლილება. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, დიდი რეზერვუარების გარშემო მიკროკლიმატური ცვლილებების თაობაზე საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ პროექტის მსგავს გარემოში, ჰორიზონტალური ზემოქმედება ტემპერატურასა და ტენიანობაში შეიძლება აღინიშნებოდეს დაახლოებით 100 მეტრში რეზერვუარების ნაპირიდან. შესაბამისად, მიკროკლიმატური ეფექტები (ტემპერატურა, ქარი, ტენიანობა) ლოკალიზებულ იქნება რეზერვუარის ზედაპირზე და უშუალოდ მის გარშემო (მომავალი რეზერვუარიდან 100 მ მანძილზე). ამის დასადასტურებლად, დამონტაჟებული იქნება მეტეოსადგურების ქსელი და ტემპერატურის/ტენიანობის სენსორები ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორიების ადგილობრივი კლიმატის მუდმივი მონიტორინგისთვის," - განმარტავს დავითაშვილი. 

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

    5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს.

    ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

    გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

    იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system