თავში

ნამუშევარი დროის აღრიცხვის ვალდებულება ბიზნესს 1 მარტიდან უჩნდება

ნამუშევარი დროის აღრიცხვის ვალდებულება ბიზნესს 1 მარტიდან უჩნდება
ნამუშევარი დროის აღრიცხვის ვალდებულება ბიზნესს 1 მარტიდან უჩნდება

1 -ლი მარტიდან დამსაქმებლები ვალდებულები არიან აწარმოონ დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვის დოკუმენტი. ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განმარტავს. 

ინფორმაცია სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და წესის შესახებ, ასევე შეუსრულებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების შესახებ, გაწერილია სამ დოკუმენტში. ესენია: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-15/ნ 2021 წლის 12 თებერვლის ბრძანება. 2. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი. 3. საქართველოს კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

ახალი კანონი კომპანიებს ავალდებულებს: 

1. სამუშაო დროის აღრიცხვა სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დამსაქმებლებისთვის, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის, აგრეთვე პირთა გაერთიანებებისთვის.

2. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალურად, აგრეთვე ელექტრონულად.

3. დამსაქმებლებს შეუძლიათ სამუშაო დროის აღრიცხვისთვის გამოიყენონ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა, ასევე სხვა სახის ფორმა, რომელიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბრძანებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

4. დამსაქმებელი უფლებამოსილია დოკუმენტში მიუთითოს დამატებითი ინფორმაცია.

5. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვამდე.

6. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს. ამავდროულად, დასაქმებულს აქვს უფლება გაეცნოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტს.

7. დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვროს აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე, შენახვასა და დასაქმებულისთვის გაცნობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. ხელმოწერილი აღრიცხვის ფორმა დამსაქმებლმა უნდა შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

8. დამსაქმებლის მიერ დროის აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სანქციები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system