თავში

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი "რიონის ხეობის მცველებსაც“ შეხვდებიან

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი "რიონის ხეობის
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებსაც“ შეხვდებიან

"ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები“ ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა. 

მთლიანობაში მინისტრი ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრით კმაყოფილია. 

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მთლიანობაში, იყო ძალიან კარგი და საქმიანი. ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს. ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა," - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა მზადაა, ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. 

„პირველ რიგში, გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი დიდი სურვილია ჩვენს შორის საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს ცაგერში ჩამოსვლა და გვესმის მათი, რომ ღია ფორმატია აუცილებელი. შესაბამისად, თქვენც ხედავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მედია სრულად დასწრებოდა შეხვედრას. ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და რაღაც ქანებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.

„ასევე ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს - არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრი თურნავა ცაგერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით იმყოფება. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილიც. 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური. ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი - ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი. ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრებები”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ცაგერში მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის დროს.

მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, მინისტრები პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კანონმდებლებს. დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, დაავალა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს შესაბამისი საკომიტეტეო მოსმენები გამართვაც დაავალა. მთავრობა ამ ჰესის ავკარგიანობაზე დეტალების მოსახლეობისათვის გასაცნობად ადგილობრივებთან კომუნიკაციას გაააქტიურებს და შეეცდებიან ისინი დაარწმუნონ ნამახვანიჰესის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებლიანობაში.

შეგახსენებთ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

ნამახვანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, რიონის ხეობის დატბორვა იგეგმება, რაც დაუშვებელია და ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. მათ სოლიდფარობას უცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჰესების მშენებლობის პოლიტიკას. სააკაშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ენერგოდამოუკიდებლობისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა ჰესების აქტიურ მშენებლობას, უშუალოდ ნამახვანიჰესზე კი ამბობდა, რომ მისი მშენებლკობის დაწყება ეროვნული სიამაყეა. ახლა კი სააკაშვილმა პოზოცია შეიცვალა და ამბობს, რომ, ბუნების გადარჩენა ბევრად აუცილებელია, ვიდრე ენერგოწარმოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდა.

ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს, მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი კი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასაც ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

მთავრობა ამტკიცებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს. შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system