თავში

ნათია თურნავა: ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ

ნათია თურნავა: ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ
ნათია თურნავა: ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ

ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის შეფასებები გეგმასთან მიმართებაში ურთიერთგამომრიცხავია.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით და ზოგადად, ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ ვმართავთ ამ გამოწვევას, როგორ ვრეაგირებთ ეპიდემიაზე, როგორ წარმატებულად ვუმკლავდებით კორონავირუსს და ასევე, როგორ წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლმებთან გამკლავება, ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას. ამიტომაც ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან არის სრულად ურთიერთგამომრიცხავი. ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არაა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა, დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფო შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა, ეკონომიკის შველის პროგრამა მათ შორის და მთავარია სოციალური; ხან გვესმის, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამაა. ანუ ისე უნდა გავიგოთ, როგორც კომპლიმენტი. წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდით ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც, მიმზიდველი პროგრამაა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, გეგმით გათვალისწინებული ყველა ზომა დროულია. ნათია თურნავა ოპოზიციას მოუწოდებს, პროგრამას გაეცნონ და უკეთ მოემზადონ.

„არ მივიღებთ პოპულიზმს, არ მივიღებთ კორონავირუსის პოლიტიკური კონიუნქტურის მიზნით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

დღესვე თურნავამ განმარტა, რომ 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს, ხელფასის ოდენობის მიუხედავად.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს. 

ბიზნესები საკრედიტო-საგარანტიო სქემით მაისიდანვე ისარგებლებენ.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა, ანუ მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს. 

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესის საქართველოში გადმოტანას აპირებენ.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

დღესვე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა.

მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზეც ფიქრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system