თავში

ნავთობიმპორტიორები დიზელის ხარისხის რეგულირების გადავადებას ითხოვენ - დაუთმობს თუ არა ბიზნესს მთავრობა

ნავთობიმპორტიორები დიზელის ხარისხის რეგულირების გადავადებას ითხოვენ
ნავთობიმპორტიორები დიზელის ხარისხის რეგულირების გადავადებას ითხოვენ - დაუთმობს თუ არა ბიზნესს მთავრობა

2020 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს ახალი რეგულაცია, რომელიც დიზელის ხარისხის ნორმებს ევრო 5-ის სტანდარტს შეუსაბამებს. კანონი იმპორტიორებს საქართველოს ბაზარზე ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის დიზელის შემოტანას უკრძალავს. ნავთობიმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი სჭირდებათ, რათა ფასის მკვეთრი ზრდა არ მოხდეს. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი, Report.ge-ის უხსნის, მხოლოდ რეგულაციის გადავადების შემთხვევაში მოახერხებენ იმპორტიორები "დაიჭირონ" ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ლიტრი დიზელი 25 თეთრით გაძვირდება.

"უკეთესი იქნება, თუ ბაზარზე ევრო 5-თან ერთად ერთი წლის მანძილზე ევრო 4-ი სტანდარტის დიზელის რეალიზაციაც იქნება დაშვებული. თუ მთავრობა დათმობაზე არ წავა, იმპორტიორების თქმით, ყველაზე დაბალი ხარისხის დიზელზე ფასი 25 თეთრით გაიზრდება.დღეს რეალიზაციაშია ევრო 4 ტიპის საწვავი. ევრო 4-სა და ევრო5-ს შორის საფასო განსხვავება ბრენდირებულ ქსელში შედარებით, დაბალია და 5-10 თეთრს შეადგენს, მაგრამ ბრენდირებულსა და არაბრენდირებულ ქსელს შორის დიზელის ფასის სხვაობა 20-25 თეთრს აღწევს. თუ ევრო 5 - ის ვალდებულება გვექნება, შესაბამისად, ეს სხვაობა მოიხსნება და დიზელი გაძვირდება," - განაცხადა ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დიზელის მოხმარება მაღალია. მას მოიხმარს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,სამშენებლო აგრეგატები და მანქანა-დანადგარები. დიზელს მოიხმარს შიდა გადაზიდვები, დისტრიბუცია, ასევე სატრანზიტო ტვირთბრუნვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მთვრალაშვილი ამბობს, რომ თუ დიზელი გაძვირდება, თითოეულ ამ სფეროს ოპერირება გაუძნელდება ხარჯის ზრდის გამო.

დიზელის საწვავის სავალდებულო სტანდარტი ევრო 4-მდე ჯერ კიდევ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან გაიზარდა. ევრო 5 ტიპის დიზელში, რომელიც 2020 წლიდან საქართველოში სავალდებულო უნდა გახდეს, გოგირდის შემცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ცოტა ხნის წინ დიზელის ხარისხის მკაცრ კონტროლზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, მერია ევრო 6 სტანდარტის ავტობუსები შემოჰყავს, რომელიც დაბალი ხარისხის საწვავზე ვერ იმუშავებს.

„რადგან ვსაუბრობთ, რომ „ევრო 6“ დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოგვყავს, ამისთვის აუცილებელია საწვავი. ყველანაირად მომზადებულები უნდა ვიყოთ. პარალელურად, აუცილებლად ვიმუშავებთ საწვავის ხარისხის გაკონტროლებაზე. მქონდა არაერთხელ საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ საწვავის ხარისხზე დაწესდეს კონტროლი. განსაკუთრებით დიზელზე, რომელიც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. „ევრო 5“-ზე უნდა ავიყვანოთ ეს ხარისხი. სხვა დაბალი ხარისხის საწვავს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს. მე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ აგვისტოში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system