თავში

ნავთობის მსოფლიო და ადგილობრივი ბაზრის მომავალი

ნავთობის მსოფლიო და ადგილობრივი ბაზრის მომავალი
ნავთობის მსოფლიო და ადგილობრივი ბაზრის მომავალი

"ვითარება, რომელშიც დღეს ვართ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ბოლო ასწლეულის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიოსათვის, რომელმაც მნიშვნელოვანი დაღი არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკასაც დაასვა," - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.

მისი აზრით, ნავთობის გაიაფების ძირითადი მიზეზი კორონავირუსია. მისი განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ შემცირებულია მოთხოვნა, შესაბამისად, იკლებს ფასებიც.

"ვირუსის ეფექტს დაემატა "ოპეკი პლუსის" შეუთანხმებლობა ნავთობის მოპოვების მორიგ შემცირებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არსებობს კვოტები და უნდოდათ კიდევ მილიონ ნახევარი ბარელით შეემცირებინათ ყოველდღიური მოპოვება. სწორედ ამაზე ვერ შეთანხმდნენ რუსეთი და ოპეკის სხვა წევრი ქვეყნები. აი, ამ ფაქტორებმა მიგვიყვანა დღევანდელ მოცემულობამდე და ფასამდე. შემდგომ, ტალღისებურად გადაედო ნავთობზე დაბალი ფასი საფონდო ბირჟებსაც. აქაც მნიშვნელოვანი ვარდნაა ინდექსების. შედეგად რუსეთში რუბლი უფასურდება, ისე როგორც ჩვენთან ლარი," - აცხადებს მთვრალაშვილი და ირწმუნება, რომ ამას გავლენა ექნება აზერბაიჯანზე, როგორც ნავთობმომპოვებელ ქვეყანაზე.

"პირველი უარყოფითი სიგნალი იქნება საწვავზე მოთხოვნის შემცირება, ამას ხელს შეუწყობს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, სწავლის შეჩერება და ა.შ. ასევე სატრანზიტო გადაზიდვების შემცირება, ტურიზმის კლება. ამ დროს ეს ყველაფერი 2019 წელს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. არსებობს ასეთი ნავთობპროდუქტი - ბიტუმი, რომელიც, ძირითადად, ირანიდან შემოდიოდა და ახლა საერთოდ აღარ შემოდის. ალტერნატიული გზების მოძებნა ალბათ მოხერხდება, მაგრამ ამით გაძვირდება ბიტუმი”, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

ამჟამად Brent-ის ფასი 31 $-ზე ნაკლებია. სპეციალისტების განმარტებით, ლეგენდა, რომელიც რუსეთში ვრცელდება ასეთია:

ნავთობზე ფასების ჩამოქცევა და რუსული რუბლის დარტყმის ქვეშ დაყენება პუტინს აიძულა სი ძინფინგმა. ჩინეთს სჭირდება თავისი ეკონომიკის აღდგენა კორონავირუსის კატასტროფის შემდეგ და მას უნდა დაბალი ფასები ნავთობზე, როგორც მოცემულ მომენტში არსებული კოლაფსიდან გამოსვლის აუცილებელი პირობა. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ზემოქმედების ინსტრუმენტად კი მან აირჩია РОСНЕФТЬ, რომელსაც დაახლოებით 3 ტრილიონი რუბლის ოდენობის ვალი აქვს ჩინეთის და აგრეთვე უკვე გასტუმრებული ნავთობის მიწოდების ვალდებულება. შეიძლება იმის დაშვება, რომ РОСНЕФТЬ-ის ფაქტობრივ დამფინანსებელს წარმოადგენს არა რუსეთის ფედერაცია, არამედ ჩინეთი, და ამიტომ რუსეთის პოზიციას ნავთობის ბაზარზე განსაზღვრავს არა რუსეთის მთავრობა, არამედ ჩინეთის.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთმა რუსეთს "ფასების ომი" გამოუცხადა და აპრილიდან ნავთობის დღიური მოპოვების 2.5 მლნ ბარელით მატება დააანონსა, ცალკე საემიროებმა დღეში 1 მლნ ბარელით მეტის მოპოვება გადაწყვიტეს. რუსეთი კი აპირებს დღე-ღამეში 0.5 მლნ ბარელით გაზარდოს წარმოება. კორონავირუსის გამო ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს და წესით ფასების სტაბილურობისთვის მიწოდება უნდა შეემცირებინათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system