თავში

ნავთობისა და გაზის რა პოტენციურ რესურსს ფლობს საქართველო

ნავთობისა და გაზის რა პოტენციურ რესურსს ფლობს საქართველო
ნავთობისა და გაზის რა პოტენციურ რესურსს ფლობს საქართველო

სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ საქართველო ნავთობისა და გაზის დიდ რესურსს ფლობს, რომელსაც ქვეყნისთვის უდიდესი მოგების მოტანა შეუძლია. ნავთობის საბადოების აღმოსაჩენად კვლევითი სამუშაოები საქართველოში გრძელდება. იმ კომპანიების რიგს, რომლებიც არსებულ მარაგებს იკვლევენ, ავსტრიული კომპანია OMV Petrom S.A ოფიციალურად შეუერთდა. რა მოლოდინი აქვს ინვესტორს და დაახლოებით რა რაოდენობის ნავთობის მოპოვებას შეძლებს, ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

1993-1994 წლებში შავი ზღვის შელფზე მიმდინარეობდა კვლევები, რომელმაც ნავთობისა და გაზის არსებობა დაადასტურა. მაშინდელ კვლევაში მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შოთა მესტვირიშვილი, რომელიც report.ge-თან ადასტურებს, რომ მარაგი აღმოჩენილი იქნა, თუმცა შესაძლო რაოდენობის გარკვევა იმ პერიოდში არ მომხდარა და კვლევა ძირითადად საბადოს აღმოჩენით შემოიფარგლა.

,,OMV Petrom S.A უდიდესი ფირმაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც 100-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მთლიანად საქართველოს ბიუჯეტია. ცხადია, 1 წლის სამყოფ რესურსზე ის არ დაკმაყოფილდებოდა. მინიმუმ, 10-წლიანი მარაგი მაინც უნდა არსებობდეს. თუმცა ამ ეტაპზე კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის რა პირობებს მოეწერა ხელი, ჩემთვის უცნობია. ნავთობისა და გაზის მოპოვება ჩვენს ქვეყანაში საწარმოო მნიშვნელობის აქამდე არ ყოფილა. ,,ფრონტერა" კახეთის რეგიონში ეძებდა, მაგრამ მისი საქმიანობა ქვეყანაში საკმაოდ წარუმატებელი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად შავის ზღვის შელფს,1993-1994 წლებში ჩვენ გამოვიკვლიეთ სუფსის, მერე აჭარის შელფი და გარკვეული მარაგები აღმოვაჩინეთ. კვლევით საბადოების არსებობა დადასტურდა. ვენ ამოვიღეთ ნაწილი, რაც გაზის ხარისხის შესამოწმებლად იყო საჭირო, ეს იყო საკმაოდ მაღალი დონის ბუნებრივი გაზი, თუმცა მოპოვება არა მიმდინარეობდა. შემდეგ 2-3 წლის შემდეგ საქართველომ ხელი მოაწერა გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ფირმას ,,ანადარკოსთან", რომელიც 4 წელი იკვლევდა ნავთობისა და გაზის მარაგებს და სწორედ ეს კვლევა დაედო საფუძვლად ახალი კომპანიის შემოსვლას საქართველოში. რესურსი ნამდვილად არის, რომელსაც ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია", - ამბობს მესტვირიშვილი report.ge-თან.

შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის დიდ მარაგეზე საუბრობს ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი. 

,,დარწმუნებული ვარ, რომ ეს შავი ზღვის შელფზე დიდ ტერიტორიაზე არის ნავთობი და გაზი ძალიან დიდი რაოდენობით. დღესაც მცირე რაოდენობით მოიპოვება ნავთობის მარაგი, მაგრამ იგი არ გადის ქვეყნიდან, ძირითადად, ადგილზე გადამუშავდება. ზღვის შელფზე შედარებით არის იმედი, რომ არის მარაგები, რასაც ამყარებს შავ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღმოჩენილი ნავთობის საბადოები, არის ვარაუდი, რომ აქაც შესაძლებელია იყოს. რეალურად, უზარმაზარი სარგებელი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ, თუ დიდი მარაგების აღმოჩენა მოხდება", - ამბობს გოჩიტაშვილი.

რაც შეეხება სხვა საბადოებს, მისი ინფორმაციით, საქართველოში დღემდე აღმოჩენილია 16 საბადო და ამ საბადოებიდან ჯამურად მოპოვებულია 27 მლნ ტონა ნავთობი და 3 მილიარდ კუბ.მეტრზე მეტი გაზი. ეს საბადოები აღმოჩენილია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და ახლა ამ საბადოებიდან მოსაპოვებელი დარჩა დაახლოებით 5 მლნ ტონა ნავთობი და 4-5 მლრდ კუბ.მეტრი გაზი.

ასევე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 5 საბადო, თუმცა მათი კომერციულობა ჯერ დადგენილი არ არის.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოები ხორციელდება სალიცენზიო ფართობებზე (ე.წ. ბლოკებზე), რომლებზეც დაყოფილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A - ი ნავთობისა და გაზის კვლევა - ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system