თავში

ნორიოს ნავთობის საბადოზე მარაგები დადასტურდა

​ნორიოს ნავთობის საბადოზე მარაგები დადასტურდა
ნორიოს ნავთობის საბადოზე მარაგები დადასტურდა

ნორიოს სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების შესახებ „ნავთობისა და გაზის სააგენტოს“ ხელმძღვანელის, გიორგი ტატიშვილი საუბრობს. მისი თქმით, საბადოზე დადასტურებულია ნავთობის მარაგები, თუმცა მისი ამოღებისთვისსაჭიროა როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ასევე ტექნოლოგიური გამოცდილება და სწორედ ამ მიზნით, ნორიოს საბადოზე უცხოელი პარტნიორის შემოყვანა განიხილება. ტატიშვილის ინფორმაციით, ნორიოს საბადოზე ნავთობის მარაგი შესაძლოა იყოს 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ის იყო სამგორის ცნობილ საბადოში, საიდანაც წლიურად 3 მლნ ტონა ნავთობის მოპოვება ხდებოდა.

„ნორიოს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ მომზადებული პროექტი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ამ საბადოზე იქ მომუშავე კომპანია „ქართული ნავთობი და გაზი-სთან" ერთად მოვახერხებთ ძლიერი ინვესტორის შემოყვანას. აქ საუბარია 6000 მეტრიანი ჭაბურღილების ბურღვაზე, რაც მოითხოვს არა მხოლოდ დიდ ფინანსებს, არამედ ძალიან ძლიერ ტექნოლოგიურ გამოცდილებას“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“. 

ცნობისთვის, საქართველოში ნავთობის ძიება-მოპოვებას OMV PETROM-ი იწყებს. ქართულმა მხარემ OMV Petrom-ს ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი უკვე გაუფორმა და ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. ხელშეკრულება 25 წლიანია, 5 წლის გაგრძელების უფლებით. 2023 წლის დასაწყისში ცნობილი იქნება წერტილები, რომლებიც უნდა გაიბურღოს. ბურღვითი სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყება.  

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია შავი ზღვის კონტინენტურ შელფში, 25 წლის ვადით ნავთობისა და გაზის კვლევა–ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. ამასთან, OMV Petrom ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს, როგორც ხელმოწერის ბონუსს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სალიცენზიო არეალში ნავთობს ან გაზს აღმოაჩენს, საქართველოს მთავრობას დამატებით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის. კონტრაქტის მიხედვით, კომპანია დანახარჯების ანაზღაურებამდე სახელმწიფოს მოპოვებული წიაღის 30 პროცენტს აძლევს უფასოდ, ხოლო დანახარჯების ანაზღაურების შემდეგ საქართველოს 60 პროცენტი დარჩება.

OMV Petrom-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებული კომპანია ავსტრიული OMV Group - ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. საქართველოში კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო. შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაციაა, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system