თავში

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. 

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system