თავში

OMV Petrom-ი საქართველოს ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს

OMV Petrom-ი საქართველოს ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს
OMV Petrom-ი საქართველოს ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, წელს კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდება.  კომპანიას ექბნება მსოფლიო დონის ანგარიში. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს კომპანია ორ და სამგანზომილებიან სეისმურ კვლევებს, რომლითაც იდენტიფიცირდება წერტილები, სადაც პოტენციურად ყველაზე სანდო და შედეგიანი იქნება გასაბურღად. ამის შემდეგ დაიწყება ბურღვა და მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდება ის მარაგები, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შავი ზღვის ამ სალიცენზიო ბლოკზე. 

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია შავი ზღვის კონტინენტურ შელფში, 25 წლის ვადით ნავთობისა და გაზის კვლევა–ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. ამასთან, OMV Petrom ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს, როგორც ხელმოწერის ბონუსს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სალიცენზიო არეალში ნავთობს ან გაზს აღმოაჩენს, საქართველოს მთავრობას დამატებით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის. კონტრაქტის მიხედვით, კომპანია დანახარჯების ანაზღაურებამდე სახელმწიფოს მოპოვებული წიაღის 30 პროცენტს აძლევს უფასოდ, ხოლო დანახარჯების ანაზღაურების შემდეგ საქართველოს 60 პროცენტი დარჩება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ტატიშვილის, ინფორმაციით, შავი ზღვის აუზში გაზს უკვე მოიპოვებენ უკრაინა, რუსეთი და თურქეთი. ამ ქვეყნების რიგებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა რუმინეთიც, სადაც კომპანია OMV Petrom-მა ნავთობისა და გაზის საკმაოდ დიდი მარაგები აღმოაჩინა. ძიება მიმდინარეობს ბულგარეთშიც. ამ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ევროპული კომპანია ნავთობსა და გაზს ეძებს, საქართველოც დაემატა.

„კომპანია  OMV Petro უფრო მეტად გაზზე არის ორიენტირებული, ვინაიდან მათი შიდა შესწავლებით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით გაზის საბადო უნდა იყოს აღმოჩენილი“, – ამბობს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი და თავს იკავებს დაასახელოს კონკრეტული ციფრი,  თუ რა რაოდენობის ნავთობის ან გაზის მარაგები შეიძლება მოიპოვებოდეს შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში, თუმცა ამტკიცებს, რომ OMV Petrom-ის შემოსვლა საქართველოში უკვე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს შავი ზღვის შელფზე წიაღის მნიშვნელოვანი რაოდენობის მოპოვებაა შესაძლებელი.

„ზღვაში საბადოს აღმოჩენამდე პროცესის მიყვანა სოლიდურ ინვესტიციას მოითხოვს. OMV Petrom აქ რომ სოლიდურ მარაგს არ ელოდებოდეს, ხელს არ მოკიდებდა ამ საქმეს. ხელშეკრულების მიხედვით, აღმოჩენილი პროდუქტის, ნავთობის თუ გაზი წილი, არც თუ ისე მცირე წილი, სახელმწიფოს მოაქვს უფასოდ. იმ წილმა, რომელიც დარჩება კომპანიას, უნდა უზრუნველყოფდეს დანახარჯების ანაზღაურებაც და მოგებაც. ეკონომიკური შეფასება, რომელიც გაკეთდა, სრულად იძლევა იმის საფუძველს, რომ აქ არის ის მარაგი, რომელიც არა მხოლოდ ამ უზარმაზარ კაპიტალდაბანდებას ამოიღებს, არამედ მოგებასაც მისცემს როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიას“, – ამბობს ტატიშვილი და დასძენს, რომ ბურღვითი სამუშაოებს კომპანია სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყებს.

„გეოფიზიკური გემი უკვე მომავალ წელს შემოვა ჩვენ აკვატორიაში. ვვარაუდობთ, რომ შვიდი თვე დასჭირდება ზღვაზე კვლევებს, გზშ-ს კვლევებს და 2023 წლის დასაწყისში უკვე გვეცოდინება წერტილები, რომლებიც უნდა გაიბურღოს. ბურღვითი სამუშაოები ალბათ, 2024 წლიდან დაიწყება," – განმარტა გიორგი ტატიშვილმა.

საქართველოში ნავთობის ძიება-მოპოვებას OMV PETROM-ი იწყებს. ქართულმა მხარემ OMV Petrom-ს ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი უკვე გაუფორმა და ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. ხელშეკრულება 25 წლიანია, 5 წლის გაგრძელების უფლებით. 

OMV Petrom-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებული კომპანია ავსტრიული OMV Group - ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. საქართველოში კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო. შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაციაა, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system