თავში

ონლაინ ფორუმი "ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში" ჩატარდება

ონლაინ ფორუმი "ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში" ჩატარდება
ონლაინ ფორუმი ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში ჩატარდება

“თიბისისა” და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით 11 მარტს, 18:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ფორუმი, რომელიც შეეხება განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობებს.

„თიბისი ბანკში“ report.ge-ს უხსნიან, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს აღნიშნულ თემებზე ცნობადობის ამაღლებასა და მწვანე დაფინანსების მიმართ ინტერესის გაზრდას. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება თემები:  “ინვესტიციები განახლებად ენერგიაში”,  “კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია”;  „თიბისის“ მდგრადი ფინანასირება“.რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია: https://forms.gle/8c335upQ11ps6cQY8. GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.

„მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყანა მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის 35% მისი ენერგიისა წარმოებული იქნება განახლებადი წყაროებიდან. პოლიტიკის ცვლილებამ საზოგადოების მზაობაც შეცვალა განახლებადი ენერგიის გამოყენებისადმი; სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებით, მისი ღირებულებით, დაფინანსების წყაროებითა და სქემებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში დადგმული მზის პანელების სადგურების 40% 2020 წელზე მოდის. ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება ბიზნესებს უბიძგებს, რომ შეამცირონ ოპერაციული ხარჯები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები ეძებონ. განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან ერთად, აქტუალურობას იძენს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თემაც. ქვეყნისათვის, სადაც აგრობიზნესი განვითარებულია, მნიშვნელოვანია იმ ტექნოლოგიებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენებასა და მიწის მდგრად დამუშავებაში შეუწყობს ხელს. მოცემულობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ბიზნესს მიეწოდოს ინფორმაცია მწვანე ეკონომიკაში ინვესტირების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების გზების შესახებ. ფორუმის სამიზნე აუდიტორია არის „თიბისის“ ახლანდელი და პოტენციური კლიენტები, მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესები, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის მოხმარებაზე, ასევე, მზის ენერგიის ტექნოლოგიის მომწოდებლები, აგროსექტორში მონაწილე კომპანიები და ყველა, ვინც ზოგადად დაინტერესებულია მწვანე ეკონომიკით," - აცხადებენ "თიბისი ბანკში."

ცნობისთვის, 2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს გარემოს დაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი მნიშნველოვნად შემცირდა. პროპორციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში გარემოს დაცვის მიმართულების დაფინანსება 2019 წელს 17% იყო. 2020 წელს 5%-ით შემცირდა და 12-13 პროცენტამდე ჩამოვიდა. წარმოდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეს პროპორცია 3%-ით არის გაზრდილი და 15%-მდე ადის.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბრის დასაწყისში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მწვანე ბიუჯეტს“, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა ასახულიყო 2021 წლის ბიუჯეტში. დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ფუნქციების განხორციელების შედეგები და განსაზღვრულია საბიუჯეტო პრიორიტეტები და მის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები 2021-2024 წლებისთვის. მწვანე ბიუჯეტი გულისხმობს სოფლის განვითარების სტრატეგიის გაფართოებას, ასევე ეკოლოგიის, ეკოტურიზმის, მწვანე ბიზნესის განვითარება-წახალისებას. აქვეა კლიმატური ცვლილებების, ბუნებრივი კატაკლიზმების სტიქიური მოვლენების პრევენციის, ნარჩენების სწორი მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები.

მწვანე ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კომიტეტმა ორგანიზაცია CENN-თან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ერთად დაიწყო, პროექტი მუშავდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ასევე პროგრამულად დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან ერთად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system