თავში

ოპტიკური ინტერნეტქსელით საქართველოს 1000-მდე დასახლება დაიფარება

ოპტიკური ინტერნეტქსელით საქართველოს 1000-მდე დასახლება დაიფარება
ოპტიკური ინტერნეტქსელით საქართველოს 1000-მდე დასახლება დაიფარება

2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტიქსელით საქართველოს 1000-მდე დასახლება დაიფარება, - ამის შესახებ ნათია თურნავამ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, ჩვენი შექმნას ციფრული განვითარებისა და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის ერთნაირი შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნათია თურნავას შეფასებით, ოზურგეთში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ფაზის დასრულება პირველი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სოფლად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს წვდომა უმაღლესი ხარისხის ინტერნეტზე.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით. პროექტის განხორციელებით შეიქმნა შესაძლებლობა, თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებმა - 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი კომპანიის, „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით და შემუშავებული მოდელით კერძო ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები - აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, „ღია დაშვების“ მომსახურების მიწოდებას.

მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, პროექტ "Log in Georgia-ს"ფარგლებში წამოიწყო 2021 – 2025 წლების პერიოდში განსახორციელებელი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში, მათ შორის იმ სოფლებს, რომლებიც დაცილებულია ურბანული ცენტრებიდან და ჯერ არ აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა. 

„ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროს ეგიდით - ესენია სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენი სამინისტროს პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში,“ ასევე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სერვისები და ინტერნეტი არის მთავარი საფუძველი, რომ ყველა ამ პროგრამაზე ჩვენს მოქალაქეებს სოფლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ წვდომა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ეს მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ქვეყანა ავითარებს ტურიზმს - მცირე საოჯახო სასტუმროები, მათი განთავსება გლობალურ ქსელში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ტურისტებისთვის გაცნობა, საჭიროებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს.

„ასევე უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ გლობალურად მიწოდებული აიტი სერვისები და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვთ და ეს ახალგაზრდები ამ შესაძლებლობას იძენენ ინტერნეტით“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია მიმდინარეობს. 

"ოუფენ ნეტის" მუშაობით უკმაყოფილონი არიან.  2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ “პარვუს ჯგუფთან” გააფორმა, ანუ, ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო. კომპანიამ ოზურგეთის რაიონში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს. შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს მაღალი ხარისხის ინტერნეტი ექნება. ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შარშან დაიწყო. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით. საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. პროექტი ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებული პუნქტი დაიფარება. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia-ს პროექტში კომუნიკაციების კომისიაც ჩაერთვება.

ფონდი "ქართუ" ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში შევა.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

“ოუფენ ნეტს” 2020 წლიდან მარიამ სულაბერიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამასთანავე, “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველიცაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system