თავში

ორი ღრმაწყლოვანი პორტის იდეას თურნავა არ გამორიცხავს

ორი ღრმაწყლოვანი პორტის იდეას თურნავა არ გამორიცხავს
ორი ღრმაწყლოვანი პორტის იდეას თურნავა არ გამორიცხავს

"დღევანდელი ჩვენი პორტები ვეღარ აუდიან ტვირთებს, რაც ძალიან კარგია და მეტყველებს ჩვენი დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე და ჩვენი ლოგისტიკური პოლიტიკის ეფექტურობაზე," - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის ყოფილი ინვესტორის მოსაზრება, თითქოსდა საქართველოს არ სჭირდება ერთზე მეტი ღრმაწყლოვანი პორტი, არადამაჯერებელია.

"მოვისმინე განცხადება ანაკლიის ყოფილი ინვესტორის მხრიდან გაკეთებული, რომ თითქოსდა საქართველოს არ სჭირდება ერთზე მეტი ღრმაწყლოვანი პორტი. ზოგადად, მათი განცხადება ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რადგან ის ერთიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ. აქედან გამომდინარე, ამას განსაზღვრავს ბიზნესი და ველოდებით რა პროექტები იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება ანაკლიის პორტი.

"ჩვენი პრიორიტეტი რჩება ანაკლიის პორტი. თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს ახალ ტენდერს, ამასთან, რამდენადაც ვიცი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა გამოთქვა სურვილი, რომ ტენდერი მათი ეგიდით ჩატარდეს და თავიდანვე მიიღონ მონაწილეობა მის მომზადებაში," - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთი და საპორტო ინფრასტრუქტურა მოითხოვს განვითარებას.

"საქართველოს უკვე დიდი ხანია სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და ამაზე მეტყველებს თუნდაც ბოლო დროინდელი ტვირთბრუნვის გაზრდილი სტატისტიკა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დაამატა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად, აუცილებელია განვითარდეს უკვე არსებული საპორტო ინფრასტრუქტურაც. ამ კონტექსტში თურნავამ ფოთის პორტის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი შეხვედრები ჩვენი მოქმედი პორტების ხელმძღვანელებთან, ტოპ-მენეჯმენტთან, ინვესტორებთან, მათ შორის, „ეი პი ემ ტერმინალთან“. არაერთი შეხვედრა გვქონია ფოთის პორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია მათი სურვილი, განახორციელონ ახალი პორტის პროექტი მოქმედი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთის პორტის გაფართოვების და გაღრმავების პროექტი. თქვენ იცით, რომ სამინისტროში სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით შემოტანილი ჰქონდათ პროექტი, თუმცა, იმ ეტაპზე, ვინაიდან იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, ჩვენი მხრიდან არამიზნობრივად ჩაითვალა ამ პროცესის გაგრძელება. ამ პროცესს განახლების თაობაზე ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავთ. თუკი მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით რამდენად დაცულია ყველა პროცედურა და რას წარმოადგენს ეს პროექტი, თუმცა მათი სურვილის შესახებ ჩვენთვის ცნობილია," - განმარტა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system