თავში

ორი ქართული სტარტაპი სილიკონ ველიზე ერთთვიან აქსელერაციას გაივლის

ორი ქართული სტარტაპი სილიკონ ველიზე ერთთვიან აქსელერაციას გაივლის
ორი ქართული სტარტაპი სილიკონ ველიზე ერთთვიან აქსელერაციას გაივლის

"შარშან, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩვენ საქართველოში შემოვიყვანეთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups - ი," - ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას პროგრამის 500Georgia - ის ფინალური ეტაპის დასრულებისა და გამარჯვებული სტარტაპერების გამოვლენის შემდეგ.

500Georgia პროგრამის მონაწილე ორი სტარტაპი Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან აქსელერაციის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე გადასული 10 სტარტაპიდან აარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ფინალში წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან 4 უცხოურია. ისინი ლატვიაში, უკრაინასა და ესტონეთშია დაფუძნებული. 500Georgia პროგრამას საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური სტარტაპ აქსელერატორი 500 Startups - ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შემოვიდა საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ ეტაპზე დღეს მხოლოდ ორმა სტარტაპმა გაიმარჯვა, მიგვაჩნია, რომ ყველა კომპანია, რომელიც ფინალამდე მოვიდა, გამარჯვებულია - მათ, ერთი მხრივ, გავლილი აქვთ ინტენსიური აქსელერაციის პროცესი, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო და ბიზნესი მათ მხარში უდგათ, რათა მათ საკუთარი პროექტები უფრო მეტად განავითარონ. საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მთელი რიგი პროგრამები დაინერგა. სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აქსელერაცია. შარშან, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩვენ საქართველოში შემოვიყვანეთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups - ი. შემოსული 100 განაცხადიდან მასთან თანამშრომლობით შეირჩა საუკეთესო სტარტაპები, რომელმაც ძალიან ინტენსიური აქსელერაცია სწორედ 500 Startups - ის მენტორების და ექსპერტების დახმარებით გაიარეს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2500–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც აქსელერაციის და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system