თავში

"ოუფენ ნეტის" მუშაობით უკმაყოფილონი არიან

"ოუფენ ნეტის" მუშაობით უკმაყოფილონი არიან
ოუფენ ნეტის მუშაობით უკმაყოფილონი არიან

“მაგთის” დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სახელმწიფო აიპი “ოუფენ ნეტის” მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც მან კომუნიკაციების კომისიის 2 ვაკანტური პოზიციის შესარჩევად კანდიდატთა მოსმენისას პარლამენტში განაცხადა, რეგიონებში ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები კერძო ოპერატორების პრეროგატივა უნდა იყოს, თუმცა არსებულ რეალობაში, ჯოხთაბერიძის შეფასებით, სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს.

“სახელმწიფომ დიდი ხნის წინ დაანონსა და შექმნეს “ოუფენ ნეტი”, ამას სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს და ქსელის გაყვანა/მშენებლობა ეს კერძო ოპერატორების საქმე უნდა იყოს. შექმნეს ეს სტრუქტურა, არაფერი არ გაუკეთებია ამ კომპანიას და შარშან გამოაცხადეს ტენდერი იმის შესახებ, რომ გურიაში, ოზურგეთის რაიონში 47 სოფელში გაიყვანონ ქსელი და 10 მილიონი გამოყო სახელმწიფომ. კაცო, მე ნუ მახრჩობ და მე თვითონ მივხედავ ამ ქსელის გაყვანას. თუ დავინახეთ ჩვენ ბიზნესის ნიშა, ხომ წავალთ და გავაკეთებთ დაქსელვას... რად უნდა ამას მათრახი და ასე შემდეგ. პირიქით, მარეგულირებელი, ერთი მხრივ, ფასებს გვიწესებს ისეთს… მეორეს მხრივ, მარეგულირებელის ხალხი დარბის და აკეთებენ “ოუფენ ნეტს”, მერე მარეგულირებელის თანამშრომელი გადადის “ოუფენ ნეტის” შეფად, და შემდეგ მათთან დაახლოებული ხალხი აშენებს ამ ქსელს. ესაა ბიზნესის კეთება?!", - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ “პარვუს ჯგუფთან” გააფორმა, ანუ, ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო. კომპანიამ ოზურგეთის რაიონში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს. შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს მაღალი ხარისხის ინტერნეტი ექნება.   ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შარშან დაიწყო. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით. საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. პროექტი ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებული პუნქტი დაიფარება. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia-ს პროექტში კომუნიკაციების კომისიაც ჩაერთვება.

მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები.

ფონდი "ქართუ" ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში შევა.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

“ოუფენ ნეტს” 2020 წლიდან მარიამ სულაბერიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამასთანავე, “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველიცაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system