თავში

"ოუფენ ნეტს“ მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს

"ოუფენ ნეტს“ მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს
ოუფენ ნეტს“ მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ა(ა)იპ ოუფენ ნეტს ახალი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციას მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 12- წლიანი გამოცდილება აქვს. მარიამ

სულაბერიძე „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე, კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მარიამ სულაბერიძის განცხადებით, მისთვის ოუფენ ნეტის ხელმძღვანელობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი გამოწვევაცაა, ვიანიდან საქმე უმნიშვნელოვანესს პროექტს, ქვეყნის ინტერნეტიზაციას ეხება.

მარიამ სულაბერიძის საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორებიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია. ასევე, ის კოორდინაციას უწევდა კომუნიკაციების კომისიასა და საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

„შემოთავაზებული პოზიცია ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. როგორც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრი, პირადად ვიყავი ჩართული პროცესებში, შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს, მის გამოწვევებსა და საჭიროებებს ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ, ახლა უკვე „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელის პოზიციიდან განვაგრძობ მუშაობას საბოლოო შედეგის მიღწევამდე. მიმდინარე ეტაპზე უკვე დასრულებულია საპილოტე ქსელის მშენებლობის ყველა წინამოსამზადებელი სამუშაო და პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მოხდეს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა მთელი საქართველოს მასშტაბით“,- აცხადებს „ოუფენ ნეტის“ ახალი დირექტორი,

მარიამ სულაბერიძე პროფესიით ბიზნესმენეჯერია. 1999 წელს მიღუბული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინჟინერ-მენეჯერის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2008 წელს მას მენეჯმენტში, კავკასიის ბიზნესსკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. აქვს საგანმანათლებლო გამოცდილებაც, იყო საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის (CERMA) პროექტების ბიზნესკონსულტანტი, ბენჩმარკინგის სპეციალისტი და ლექტორი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო. ამისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა. 2020 წლის იანვარში კი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დამტკიცდა, რომლის მიხედვით აც ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას მთავრობა დააფინანსებს იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პროგრამის განხორციელებისთვის თავდაპირველად ე.წ. “თეთრი ზონების” (დასახელებული ობიექტების, რომელთაც არ აქვთ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა) დათვლა არის საჭირო. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1300-მდეა. სოფლების ზუსტი სიის მიღების შემდეგ, დაიწყება პროექტირების ეტაპი, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი განისაზღვრება.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი, 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტის მიღების შესაზლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ დღეს მთავრობა მსოფლიო ბანკს განიხილავს, არადა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საუბრობდნენიმაზე, რომ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს" 100 მილიონი დოლარით უნდა დაეფინანსებინა. ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ოუფენ ნეტი"  ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ია, რომელმაც ცოტა ხნის წინ 10 მილიონი ლარის საყოევლთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ნაწილის უტენდეროდ განხორციელებაზე, შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტის გზით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა მოითხოვა. საპილოტე პროექტის ფარგლებში ფართოზოლოვანი ქსელი ოზურგეთის რაონში გავა და აქ ძირითადი ინფრასტრუქტურის გამართვა დეკემბრამდე უნდა მოესწროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system