თავში

პანდემიის გავლენა აგროწარმოებაზე

პანდემიის გავლენა აგროწარმოებაზე
პანდემიის გავლენა აგროწარმოებაზე

"საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული. სექტორში დასაქმებულთა დიდ ნაწილს ფერმერები წარმოადგენენ, რომლებსაც ხშირად უწევთ ისეთ რისკებთან გამკლავება, როგორიცაა ფასების ცვალებადობა, ინფლაცია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, კლიმატის ცვლილება თუ შეზუდული ფინანსური რესურსები. COVID-19 დამატებითი გამოწვევაა ამ სექტორში დასაქმებულთათვის. თუმცა COVID-19-ის გავლენის სიმწვავე დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება მასზე რეაგირების პოლიტიკა როგორც მოკლ, ისე გრძელვადიან პერიოდში," - ასე ფიქრობენ ISET-ის ეკონომისტები, რომლებმაც გამოიკვლიეს COVID-19 საქართველოს სოფლის მეურნეობაზე. 

მათი მტკიცებით, პანდემიამ არაერთი ეკონომიკური საქმიანობა შეაფერხა, თუმცა სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული დარგობრივი საქმიანობები მთავრობას არ შეუზღუდავს. 2020 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა სოფლის მეურნეობის ანტი-კრიზისული გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სექტორზე პანდემიის გავლენის შემცირების მექანიზმები. 

"მთავრობამ სექტორს ორი სახის მხარდაჭერა შესთავაზა: პირდაპირი და სექტორული. სავარაუდოდ, პირდაპირი დახმარება მიზნად ისახავდა ფერმერთა წინაშე არსებული მოკლევადიანი გამოწვევების მოგვარებას. სექტორული მხარდაჭერა კი, რომელიც გრძელვადიან სტრატეგიად შეიძლება მივიჩნიოთ, ძველი პროგრამების გაგრძელებაა, მიზანი კი სექტორში არსებული ძირეული პრობლემების გადაჭრაა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სექტორში ჯერ კიდევ უამრავი სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი. რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2020 წლის პირველ სამ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 3%-ით გაიზარდა. ასეთივე დადებითი ტენდენცია გვაქვს ცოცხალი საქონლისა და ფრინველის წარმოებაში. მოსალოდნელია წარმოების გაზრდა ხილისა და თხილის სექტორებშიც (საქსტატი, 2020 წ.)," - ვკითხულობთ სექტორის მიმოხილვაში. 

ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის მშპ-ის ზრდას რამდენი ფაქტორით ხსნის: პირველი, ხელსაყრელმა ამინდმა შესაძლოა დადებითად იმოქმედა სხვადასხვა კულტურის (ვაშლის, თხილის) მოსავალზე 2020 წელს. მეორე, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტომ (RDA) ბოლო 8 წლის განმავლობაში განახორციელა, შეიძლება ნაწილობრივ ყოფილიყო ზრდის მიზეზი. მხარდაჭერის სხვა პროექტებთან ერთად, 2015 წლიდან RDA-ს პროგრამები ფარავდა მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს. 

"ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015 – 2019 წწ-ში RDA-ს საშუალო დანახარჯი ამ პროგრამებზე 84 მლნ. ლარს შეადგენდა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2020 წ.). და ბოლოს, სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს ნაკლებად ეშინოდათ, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვები სექტორზე მძიმედ იმოქმედებდა, რაც შესაძლოა გამოხატული იყოს ინვესტიციების და, შესაბამისად, სექტორის ზრდაში. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) სოფლის მეურნეობის სექტორში 137%-ით გაიზარდა. ზოგადად, სხვა სექტორებს თუ შევადარებთ, სოფლის მეურნეობის FDI მინიმალურია და 2009 – 2019 წწ-ში, საშუალოდ, საქართველოს მთლიანი FDI-ის მხოლოდ 1.1%-ს შეადგენდა. ძალიან რთულია იმის შეფასება, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია მომავალშიც, თუმცა აშკარაა, რომ COVID-19-მა სექტორში არაერთი შესაძლებლობაც გააჩინა, ჩვენ კი უნდა შევძლოთ მათი სწორად გამოყენება," - განმარტავენ ISET-ის ეკონომისტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system