თავში

პანდემიის მიუხედავად ავეჯის მცირე საწარმომ წარმადობა გაზარდა

პანდემიის მიუხედავად ავეჯის მცირე საწარმომ წარმადობა გაზარდა
პანდემიის მიუხედავად ავეჯის მცირე საწარმომ წარმადობა გაზარდა

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიმდინარე საქმიანობას გადახედეს და პროექტების განხორციელება პანდემიის დროს წარმოქმნილ საჭიროებებს მოარგეს. სოფლად მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისა მიზნით, მათ ერთობლივი საგრანტო პროგრამის განხორციელება დაიწყეს, რომლის საერთო ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია.

ამის შესახებ report.ge-ს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პროგრამით უკვე ისარგებლა კომპანია „ბიორასმა“. საგრანტო კონკურსში მონაწლეობდა ახალქალაქის მკვიდრი, მეწარმე აღვან მოსოიანიც, რონელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საოჯახო და საოფისე ავეჯის საწარმოს 2016 წლიდან ფლობს. 

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის განმარტებით, საწარმოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და ხელსაყრელი ფასებია. მას შემდეგ რაც ბაზარზე საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, კომპანიის დღის წესრიგში გაფართოების საკითხი დადგა – მოძველებული დანადგარებით ეფექტური წარმოება შეუძლებელი გახდა.

„ბაზარზე არსებობის განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ ცოდნა და გამოცდილება, ასევე მოვიპოვეთ ნდობა, როგორც ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ. რადგან მოთხოვნა ყოველწლიურად 15-20%-ით იზრდება, საჭირო გახდა სწორი ნაბიჯები გადაგვედგა. შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის და UNDP-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. თანადაფინანსების დამტკიცების შემდეგ, საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვა. შევიძინეთ ავეჯის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, კომპრესორი და მტვერსასრუტი. შედეგად, ჩვენი წარმოების ეფექტურობა იზრდება და რეგიონში ავეჯის სტაბილური მიმწოდებელი ვხდებით“, – ამბობს აღვან მოსოიანი.

საწარმოს გაფართოებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მუნიციპალიტეტის არაერთი ოჯახის ეკონომიკურ თუ სოციალურ გაძლიერებაზე. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, მუნიციპალიტეტის ბევრმა მაცხოვრებელმა შემოსავლის წყარო დაკარგა. ამას უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებაც დაემატა. გრანტის მიღების შედეგად, აღვან მოსოიანმა არამხოლოდ საწარმოს გაფართოება, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაც შეძლო.

„ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ავეჯის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე დაჩქარდა წარმოებისა და აწყობის ვადები, ავიყვანეთ ახალი თანამშრომლები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიეთ – ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობთ იმდენად ხარისხიან პროდუქტს, რომ მათ არ უწევთ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ალტერნატივის ძიება. გრანტმა ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა“, – აღნიშნავს აღვან მოსოიანი.

დღეს საწარმო აქტიურად იღებს შეკვეთებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება, ეს კი სტაბილურობის შეგრძნებასა და უკეთესი მომავლის იმედს იძლევა. ავეჯის წარმოების ზრდით კომპანია წლიურად 200 000 ლარზე მეტის გამომუშავებას გეგმავს.

„გრანტები ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მაგალითად, ჩვენ დიდი ხანია ახალი დაზგების შეძენას ვგეგმავდით, მაგრამ მაღალი ფასის გამო ამას ვერ ვახერხებდით. ევროკავშირის ეს პროექტი განვითარებაში დაგვეხმარა. ჩვენ წინ მივიწევთ! – აღნიშნავს აღვან მოსოიანი.

პანდემიური კრიზისის საპასუხოდ, ევროკავშირი და გაერო საქართველოს სოფლად ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან. ევროკავშირმა პანდემიის დაწყებიდან ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება მოახდინა, რათა ქვეყანას არსებული კრიზისი ეფექტიანად დაეძლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ეკონომიკის დივერსიფიცირება და არაფერმერული ბიზნესის განვითარებაა. ამ დროისთვის, ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული 347 განაცხადიდან 31 დამტკიცდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system