თავში

პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა სურსათის მიწოდებაზე

პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა ​სურსათის მიწოდებაზე
პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა სურსათის მიწოდებაზე

სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის აუცილებელი პირობაა.

ამის შესახებ აღნიშნულია ISET Policy Institute-ის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კვლევაში. 

ორგანიზაციის განმარტებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა არაერთი ლოჯისტიკური პრობლემა წარმოქმნა და გამოწვევების წინაშე დააყენა სურსათის მიწოდების ჯაჭვები მთელ მსოფლიოში. თითოეული ასეთი შეზღუდვა მოქმედებს სურსათის ხელმისაწვდომობაზე, ფასებსა და ხარისხზე და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთ შიშს აჩენს (Barrett, 2020). საქართველოც გლობალური სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილია და მასაც შეექმნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებასთან, დასაწყობებასთან, იმპორტსა თუ გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები. 

ISET-ის შეფასებით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ საქართველო იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანაა სურსათის თითქმის ყველა კატეგორიაში. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სურსათის იმპორტის ბაზრების უმეტესობა კონცენტრირებულია, შესაბამისად, COVID-19-მა კიდევ უფრო გაზარდა ეს რისკები.

"იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა, შენარჩუნდეს სურსათის ფასების სტაბილურობა და ფერმერებს შეუმცირდეთ წარმოების საშუალებების ფასები, საქართველოს მთავრობამ დაასუბსიდირა 9 ძირითადი საკვები პროდუქტის (მაკარონი, წიწიბურა, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი, ლობიო) ფასები; შეიძინა შაქრის, მცენარეული ზეთისა და მაკარონის დამატებითი მარაგები; შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე,“ ფერმერებს კი პირდაპირი და სექტორული დახმარებები შესთავაზა. ამ ყველაფრის მიუხედავად, COVID-19-მა მაინც სერიოზული რისკები შეუქმნა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას," - განმარტავენ ISET-ის აგროექსპერტები. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system