თავში

პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე იმსჯელეს

​პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკი
პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე იმსჯელეს

პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე იმსჯელეს. 

საბჭოს ონლაინ შეხვედრა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

„მიუხედავად გამოწვევებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა, ჩვენი უწყების პროექტები, რომლებიც ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება, არ გაჩერებულა; უფრო მეტიც, იცით, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერებს არაერთი ახალი პროექტი შევთავაზეთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილ ახალ რეალობაში, საქართველოსთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ENPARD-ის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული მუნიციპალური წინადადებების განხილვის თაობაზე, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროექტების განხორციელება სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების რესურსებით.

„საქართველო მსოფლიოში Covid კრიზისის გამკლავების საუკეთესო მაგალითია. მინდა მოგახსენოთ, რომ UNDP, ევროკავშირთან ერთად, საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ზვიადაძემ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის საქართველოში“ (ENPARD Georgia III) 2020 წლის ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.

როგორც აღინიშნა, სოფლის განვითარების მიმართულებით, საქართველოს 2020 წლის ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მელიორირებული ფართობების და ტყის ფართობების, რომელიც იმართება ტყის მართვის გეგმებით, ზრდა; დაცული ტერიტორიების გარკვეული ნაწილისთვის (სულ მცირე 50%) მართვის გეგმების არსებობა; სოფლად სამეწარმეო უნარ-ჩვევების გააუმჯობესა და შედეგად ახალი მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა; სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომის ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system